მედიის ცნობით, რუსეთში, ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საპროტესტო აქციების დროს, 2350-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამასთან, კვირას, რუსეთის ხუთ ქალაქში, 128 ადამიანი დააკავეს. მათ შორის მახაჩკალაში, იაკუტსკში, ირკუტსკში, რეფტინსკსა და კოტლასში.
გუშინ, მობილიზაციას აპროტესტებდნენ დაღესტანშიც, სადაც პოლიციამ აქტივისტებს ცეცხლი გაუხსნა. დაღესტნის სოფელ ენდირეიდან მობილიზაციისთვის 110 ადამიანი გამოიძახეს, მოსახლეობა კი აქციაზე შვილების, ძმებისა და ქმრების დასაცავად წავიდა. პოლიცია ჰაერში გასროლით ცდილობდა აქციის მონაწილეების დაშლას.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. ამავე დღეს, რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე 1400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
აქციები ასევე გაიმართა შაბათს, რუსეთის რამდენიმე დიდ ქალაქში. აქციებზე მყოფ მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციას აპროტესტებდნენ, პოლიციელები კვლავ აკავებდნენ. დაკავებული მოქალაქეები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის საჭირო უწყისები მისცეს.