რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ექსტრემისტული გაერთიანების შექმნის საქმეზე ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისა და მისი ორი თანამებრძოლის - ლეონიდ ვოლკოვისა და ივან ჟდანოვის წინააღმდეგ - ახალი საქმე აღძრა. გარდა ამისა, ნავალნის რამდენიმე თანამოაზრეს ექსტრემისტული გაერთიანებაში წევრობას ედავებიან.
საგამოძიებო ორგანოები მიიჩნევენ, რომ "ექსტრემისტული გაერთიანება" სახელმწიფო ორგანოების დისკრედიტაციისკენ და რეგიონებში ვითარების დესტაბილიზაციისკენ იყო მიმართული. გარდა ამისა, გამოძიება აცხადებს, რომ საქმის ფიგურანტები ქმნიდნენ საპროტესტო განწყობებს და მართავდნენ აქციებს, რომლებიც მასობრივ არეულობაში გადაიზრდებოდა.
აღნიშნულ გაერთიანებაში მონაწილეობას ედავებიან ექვს ადამიანის, მათ შორის ლუბოვ სობოლს. მათ ექვს წლამდე კოლონია ემუქრებათ.
"ეს გამოგონილი სისხლის სამართლის საქმეები აჩვენებს, რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, ამ თაღლითებს კი ეშინიათ და ასეთი გზით ზეწოლას ცდილობენ", - ამბობს საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი რუსლან შავედინოვი.
მიმდინარე წლის ზაფხულში რუსეთის ხელისუფლებამ ნავალნისთან დაკავშირებული ყველა სტრუქტურა ექსტრემისტულად გამოაცხადა და მათი საქმიანობა აკრძალა. თვითონ ნავალნი თებერვლიდან გამოსასწორებელ კოლონიაში იმყოფება. გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ, სადაც ის ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა, პოლიტიკოსი აეროპორტში დააკავეს. მას ივ როშეს საქმეზე პირობითი მსჯავრი რეალური სასჯელით შეუცვალეს და გამოსაცდელი ვადის პირობების დარღვევაში დაადანაშაულეს.