რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს სამართალდამცველებმა 37 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან აქციის ორგანიზატორები, გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი. პოლიციამ თავისუფლება აღუკვეთა ასევე ადვოკატ ბექა ბასილაიას, 20 ივნისს დაშავებული ირაკლი ფავლენიშვილს, შოთა მათითაშვილს, დიმიტრი ბიძინაშვილს, გიორგი ვაშაძის პარტიის წევრს პაატა მანჯგალაძეს, ასევე ნიკა რურუას ძმას გიორგი რურუას. გიორგი რურუას პოლიცია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. თუმცა, თვითმხილველებისა და ოჯახის წევრების ინფორმაციით, მას ეს იარაღი ჩაუდეს. ამის გარდა უკვე გამოკითხვაზეა დაბარებული რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ალეკო ელისაშვილის თანაპარტიელი ლევან იოსელიანი. თავად ელისაშვილი კი დაპატიმრებას შემთხვევით გადაურჩა. რაც შეეხებათ დაშავებულებს, დაშავდა აქციის 4 მონაწილე და 2 სამართალდამცველი. მათ სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ.
„როგორც ჩანს ხელისუფლებას რაღაც სახის სენტიმენტები აქვს და შიში რომ ნაკლებად სურთ გაჟღერდეს და ნაკლებად სურთ საზოგადოებამ გაიგოს რომ ძალიან ბევრი ადამიანია დაკავებული და ფიქრობენ, რომ თუ ადამიანი არის ნაკლებად ცნობილი და არის უბრალოდ აქტივისტი, რომელიც იცავს თავის პოლიტიკურ უფლებას, რომ ჰქონდეს არჩევანის უფლება. ჰგონიათ, რომ ამ ადამიანების დაკავება არის ნაკლები პრობლემა, მაგრამ რეალურად ბიძინა ივანიშვილის პრობლემა არის ამ თითოეული ამ ადამინის ციხეში გატარებული ღამე“,-განაცხადა ადვოკატმა.