რუსთაველის თეატრი ადასტურებს, რომ დასი გასტროლით მოსკოვში მიემგზავრება. მათი თქმით, ჩეხოვის ფესტივალში სხვა ქვეყნებიც მონაწილეობენ.
"ანტონ ჩეხოვის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი პირველად 1992 წელს ჩატარდა. თავისი ოცდაათწლიანი ისტორიით, ჩეხოვის ფესტივალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა უკლებლივ ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია თეატრი.
სხვადასხვა წლებში ჩეხოვის ფესტივალზე სპექტაკლები წარმოადგინეს ისეთმა სახელგანთქმულმა რეჟისორებმა, როგორებიც არიან: პიტერ ბრუკი, ჯორჯო სტრელერი, პიტერ შტაინი, კამა გინკასი, რეზო გაბრიაძე, პინა ბაუში, რიმას ტუმინასი, ეიმუნტას ნეკროშუსი, ტადაში სუძუკი, რობერტ სტურუა, ვიქტორია ჩაპლინი, ჟან-ბაბტისტ ტიერი, ალექსანდრ ეკმანი, რობერტ ლეპაჟი, კლაუდიო ჰოფმანი, აკრამ ხანი, დეკლან დონელანი და მრავალი სხვა.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა იაპონური, ბრაზილიური, კანადური თეატრების სეზონები. წლების განმავლობაში ჩეხოვის ფესტივალი თანამშრომლობდა სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ავსტრია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ტაივანი, არგენტინა და სხვა.
წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას იღებენ შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები: ესპანეთი, არგენტინა, საფრანგეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი, იტალია, ინდოეთი, იაპონია და საქართველო", - ნათქვამია განცხადებაში.
სტურუას ხელმძღვანელობით, დასი სპექტაკლებს 30 ივნისს, 1-2 ივლისს წარადგენს.