logo
ENG



რუსთავის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ჯღარკავა პატიმრობაში დატოვა

04 იან 202011:22
3 წუთის საკითხავი
 
jwd6isc1dvxou50.jpg

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ზურაბ ჯღარკავა პატიმრობაში დატოვა. 35 წლის დავით მუმლაძისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთასა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ჯღარკავას პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული.

მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე. საქმის პროკურორის ინფორმაციით, ჯღარკავა წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, მდინარის პირას დააკავეს და ის, სავარაუდოდ, ქვეყნის დატოვებას გეგმავდა.

ზურაბ ჯღარკავას ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისივე თქმით, მტკიცებულებებში არ არის არცერთი პირდაპირი ან მიმანიშნებელი მტკიცებულება, რომ ბატონ ჯღარკავას რაიმე წვლილი მაინც მიუძღვოდეს ამ უბედურ შემთხვევაში.

„ზურაბ ჯღარკავა თავს არ ცნობს დამნაშავედ და ეს თავიდანვე ასე იყო. რაც შეეხება მტკიცებულებებს, არ არის არცერთი პირდაპირი ან მიმანიშნებელი მტკიცებულება, რომ ბატონ ჯღარკავას რაიმე წვლილი მაინც მიუძღვოდეს ამ უბედურ შემთხვევაში. არგუმენტი ისევ და ისევ ის არის, რომ 19 109 ეს არის ყველაზე მძიმე მუხლი. აქედან გამომდინარე მინიმალური სტანდარტით კანონმდებელი ისე არის განსაზღვრული, რომ სასამართლოში შეუძლებელია აღმკვეთი ღონისძიება გირაოთი დააყენო, ან რაიმეთი შეცვალო, როცა 19 109-ზე არის საუბარი“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ დავით მუმლაძის ცხედარი გასული წლის 5 ოქტომბერს მდინარე მტკვარმა გამორიყა, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, კიდევ 5 პირია დაკავებული, მათ შორის ყოფილი და მოქმედი პოლიციელები.


close დახურვა