logo
ENG



რუსთავის ციხესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, წყლის ჭავლის მანქანა მივიდა

30 დეკ 202104:04
3 წუთის საკითხავი
 
2021/12/30/qr3758m30eqwy11.png

რუსთავის ციხესთან, სადაც მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, წყლის ჭავლის მანქანა მივიდა. 

ციხესთან შეკრებილი არიან ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები, ადგილზე მისულია მისი ადვოკატი, ნიკა გვარამიაც და სააკაშვილთან შესვლას ითხოვს. 

როგორც გვარამიამ აღნიშნა, სურს გაიგოს, როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან დაახლოებით ერთი საათის წინ გადაიყვანეს. ამ დრომდე სახელმწიფო უწყებებს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებიათ.

როგორც დღის განმავლობაში ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატები და თანაპარტიელები ამბობდნენ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

რამდენიმე საათის წინ მიხეილ სააკაშვილი ომბუდსმენის წარმომადგენელმა მოინახულა. გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ საბა ბრაჭველმა თქვა, რომ 27 დეკემბერს სააკაშვილის ახალ დიაგნოზი დაუსვეს. მან დიაგნოზი არ გაახმაურა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატს სურს, რომ მისი კონსილიუმის წევრებმაც შეაფასონ პაციენტის მდგომარეობა და დადონ დასკვნა პაციენტის საჭიროებების შესახებ.

27 დეკემბერს ღამით ცნობილი გახდა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას აპირებდნენ.

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სამედიცინო პერსონალმა სააკაშვილის კლინიკიდან გაწერის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა აღელვების ფონზე ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის გამოც გადაყვანის ღონისძიება დროებით გადავადდა.

სააკაშვილი ამბობს, რომ მის ციხეში გადაყვანას ძალის გამოყენებით ცდილობდნენ.

19 ნოემბერს 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 ციხის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც მისი რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. ​


close დახურვა