რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიყვანეს.
გარდა ამისა, ციხის ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი "მობილმედიც" იმყოფება.
ჯერჯერობით უცნობია რას უკავშირდება სპეცრაზმის ციხეში შესვლა, თუმცა სუს-მა გუშინ განაცხადა, რომ სააკაშვილის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, მისი გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანისას, მის მომხრეებს დაგეგმილი ჰქონდათ "გზების ბლოკირება და უკონტროლო სიტუაციის შექმნა". გარდა ამისა, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, სააკაშვილი, რომელიც 30-ე დღეა შიმშილობს, "ცუდად გახდომას" დღეს აპირებს. მმართველი პარტიის ლიდერმა სააკაშვილს სიმულანტი უწოდა.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. დაკავებისთანავე მან შიმშილობა გამოაცხადა და უკვე 30 დღეა, საკვები არ მიუღია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. როგორც ექიმებმა თქვეს, აქვს პათოლოგიები, რაც, შიმშილობის პირობებში შესაძლოა სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო გახდეს.
საქართველოს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.