ვლადიმერ პუტინის გარემოცვასთან დაახლოებული რუსი ოლიგარქი, ალიშერ უსმანოვი ლიბერთი ბანკსა და ეროვნულ ბანკს უჩივის. სანქცირებულ უსმანოვს მისი კომპანიის სახელით ლიბერთი ბანკში შეტანილი მილიონობით ევრო სწორედ სანქციების გამო ვერ გააქვს.
პუტინის მიერ ორდენით ხუთჯერ დაჯილდოებულ უსმანოვს ის იურიდიული კომპანია იცავს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან დავაში წარმოადგენდა - როგორც MKD Law-ის პარტნიორი, სანდრო სამადბეგიშვილმა BMG-სთან განმარტავს, ამ საქმეებში MKD Law ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულ შვეიცარიულ კომპანია Metalloinvest-ს წარმოადგენს, რომელსაც რამდენიმე მილიონი ევრო სწორედ ლიბერთი ბანკში აქვს განთავსებული.
"კლიენტს, რომელიც არის შვეიცარიული კომპანია Metalloinvest-ი და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ არის სანქცირებული, თანხები საქართველოში, ლიბერთი ბანკში აქვს განთავსებული. დიდი ხანია, ეს თანხები განთავსებული აქვს, მაგრამ აპრილში, მას საკუთარ აქტივებზე წვდომა სრულად შეეზღუდა. თანხა საკმაოდ დიდია - საუბარი რამდენიმე მილიონ ევროზეა", - განაცხადა მან.
მისი თქმით, ის რეჟიმი, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს დაწესებული წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან, კერძოდ, საკუთრების უფლებასა და ხელშეუხებლობასთან.