რუსი ოპოზიციონერის იგორ ეფრიმოვის ინფორმაციით, ის საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს.
როგორც ეფრიმოვი სოციალურ ქსელში წერს, ის საქართველოში 2 დღის წინ, მეგობარ გოგოსთან ერთად ჩამოვიდა, თუმცა მესაზღვრეებმა არ შემოუშვეს.
მისივე თქმით, მესაზღვრეებმა არშეშვების კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელეს და ახსნა-განმარტების გარეშე გააბრუნეს უკან.
"2 დღის წინ მე და ჩემს შეყვარებულს უარი გვითხრეს საქართველოს ტერიტორიაზე შეშვებაზე. მიზეზი იყო იგივე, რაც გუდკოვის შემთხვევაში - "სხვა მიზეზები". მესაზღვრეებმა არც კი ამიხსნეს თუ რა არის ეს "სხვა მიზეზები". გუშინ, გაკვირვებულმა წავიკითხე ის მიზეზები რაც დმიტრი გუდკოვს დაუსახელეს. ქართულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გუდკოვი არ შემოუშვეს იმის გამო, რომ მისი დეპუტატობის დროს დუმამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. მსგავსი ბრალდებები ჩემი მისამართით სასაცილო იქნება და ამავე დროს აბსურდული, რადგან 2008 წელს ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი და ისევე როგორც დმიტრი გუდკოვი, მე არ ვარ ალექსეი ნავალნი. რუსი ოპოზიციონერების საქართველოში არშეშვება უკვე მასობრივი ხდება. როცა საქართველოში მეპატიჟებოდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ეს თავისუფალი ქვეყანაა, რომელიც პუტინს მხარს არ უჭერს და რომელიც, უსაფრთხოა რუსი ოპოზიციონერებისთვის", - წერს ეფრიმოვი.
ეფრიმოვი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ლიბერტალიანული პარტიის ერთ-ერთი ლიდერია. როგორც ის ამბობს, პოლიტიკური რეპრესიების გამო, ბოლო ნახევარი წელი იძულებულია სომხეთში იცხოვროს.
რუსი ოპოზიციონერი საქართველოში 31 იანვარს არ შემოუშვეს. მაშინ მან აღნიშნა, რომ თბილისში უკრაინიდან ოფიციალური მოწვევით ჩამოვიდა, აქტივისტებთან და დიპლომატებთან შეხვედრების გამართვას აპირებდა, თუმცა ის კიევში ახსნა-განმარტების გარეშე გააბრუნეს.
მოგვიანებით, გუდკოვი საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტერის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს გამოეხმაურა, რომელმაც პოლიტიკოსის ქვეყანაში არშეშვება განმარტა. კერძოდ, სამხარაძის მტკიცებით, გუდკოვის დუმის წევრობის დროს რუსეთმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.
რუსი ოპოზიცონერი ამბობს, რომ მან დეპუტატის მანდატი 2011 წელს მოიპოვა, ხოლო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა ოფიციალურმა მოსკოვმა 2008 წელს აღიარა. გუდკოვის თქმით, მას შემდეგ ის არც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასულა და შესაბამისად ოკუპაციის შესახებ კანონიც დარღვეული არ აქვს.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის აგვისტოში საქართველოში არ შემოუშვეს, ალექსეი ნავალნის მოკავშირე, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლუბოვ სობოლი.