logo
ENG



რუსმა ჰაკერმა იაროსლავ სუმბაევმა ექსტრადირების პროცედურა ადვოკატის გარეშე დღეს გაიარა

24 ოქტ 201919:29
3 წუთის საკითხავი
 
hy45h6zqp3il7ke.png

რუსმა ჰაკერმა იაროსლავ სუმბაევმა ექსტრადირების პროცედურა ადვოკატის გარეშე დღეს გაიარა.

სუმბაევის ინტერესების დამცველი რუსი ჰაკერის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას იუსტიციის მინისტრს აკისრებს. დარწმუნებულია, რომ მას სამშობლოში წამება და არაადამიანური მოპყრობა ელოდება.

იაროსლავ სუმბაევის ადვოკატი, საექსტრადიციო პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას სააპელაციო სასამართლოსგან მოითხოვს. დღის ბოლოს მან სარჩელი ოფიციალურად შეიტანა. თუმცა რუსი ჰაკერი უკვე რუსეთშია. რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება იმ შემთხვევაში თუ სააპელაციო სასამართლო მოთხოვნას დააკმაყოფილებს - ამ კითხვაზე პასუხს სუმბაევის ადვოკატი იუსტიციის მინისტრისგან ელოდება. ის აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ  ექსტრადირებულ სუმბაევს სამართლიანი სასამართლოს უფლება წაართვა.

საქართველო დამნაშავეების თავშესაფარი ვერ იქნება - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი სუმბაევის ადვოკატის ბრალდებებს. თეა წულუკიანი ირწმუნება, რომ ექსტრადირების პროცესი კანონის სრული დაცვით ჩატარდა და ძებნილის გადაცემა საქართველოსთვის ევროსასამართლოსაც არ აუკრძალავს. 

იაროსლავ სუმბაევმა ექსტრადირებამდე, გუშინდელი ღამე საგამოძიებო უწყებაში იმ ბრალდების გამო გაატარა, რომელსაც ქართველ პოლიციელებს უყენებს. სუმბაევის ადვოკატის განცხადებით, გუშინ მან ის სამართალდამცველები ამოიცნო, რომლებმაც რუსი ჰაკერი გაიტაცეს და აწამეს. ამ საქმესთან დაკავშირებით განმარტებები დღეს არც გენერალურ პროკურატურაში და არც შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გაკეთებულა. ადვოკატი ლევან სამუშია ფიქრობს, რომ შესაძლოა სუმბაევის მოულოდნელი ექსტრადირება სწორედ პოლიციელების საქმის ჩაფარცხვას უკავშირდებოდეს.

რუსეთის მიერ ძებნილი რუსი ჰაკერი საქართველოში გასული წლის შემოდგომაზე დააკავეს. სუმბაევს რუსეთის ხელისუფლება კიბერდანაშაულისთვის ეძებს. მისი სახელი უკავშირდება რუსი სამართალდამცველის მკვლელობის საქმესაც. თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს ახლა ის უკვე რუსეთის ციხეში დაელოდება.


close დახურვა