logo
ENG



რუსული თვითმფრინავის პირველი რეისის შესრულებისას დროა მსვლელობას აანონსებს

16 მაი 202311:24
3 წუთის საკითხავი
 

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ რუსული თვითმფრინავის პირველი პირდაპირი რეისის დროს მსვლელობას აანონსებს. ხოშტარიას თქმით, ყველას უნდა აჩვენონ, რომ ქართული ოცნების გარდა რუსულ თვითმფრინავს საქართველოში ტაშით არავინ ხვდება.

"ეს თვითმფრინავი კომფორტულად აქ ვერ ჩამოფრინდება. ჩვენ უნდა დავდგეთ პირველი ფრენის დროს და უნდა ვაჩვენოთ, სად დგას ქართული საზოგადოება. ამიტომ 19 [მაისს] რიცხვში, როდესაც დანიშნულია პირველი რეისი, 12 საათზე შევიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე და კოლონით წავალთ ამ მოღალატეობრივი გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად. ჩვენ არ ვერჩით მგზავრებს, ეს ჩვენი საქმე არაა, ვინ როგორ გადაწყვეტს სად იფრინოს, მაგრამ ჩვენ რუსეთსა და მთელ მსოფლიოში ვაჩვენებთ, რომ ქართული ოცნების გარდა ამ თვითმფრინავს ტაშით არავინ ხვდება", - განაცხადა ხოშტარიამ.

დროას ლიდერი ამბობს, რომ რუსული ავიაკომპანიებისთვის ფრენის ნებართვის გაცემა საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო და ის ამას "ღალატს" უწოდებს.

"ავიაკომპანია აზიმუტი, რომელიც ვერ დაფრინავს ვერც ერთ ევროპულ სახელმწიფოში, ვერ ჯდება ვერც ერთ ევროპულ აეროპორტში, აკრძალულია იმიტომ, რომ ეს კომპანია აკეთებს ის თვითმფრინავებს, რომელმაც დაბომბა ჩვენი ქვეყანა, რომელიც ბომბავს უკრაინას, ხოცავ ადამიანებს და მთელი ცივილიზებული სამყარო ამბობს, რომ აკრძალული აქვს ფრენა. აი, ამ ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობამ ჩვენს ზურგს უკან, ჩვენი ინტერესების ღალატით უთხრა, რომ მობრძანდით და იფრინეთ. ავიაკომპანიის ერთ-ერთი მეწილე არის პუტინთან ჩახუტებული, სისხლში ამოსვრილი მოღალატე, ზუსტად ისეთ სისხლში, როგორც ყველა ხომალდი, რომელიც აპირებს, რომ იფრინოს საქართველოში. ასევე ჩვენ ვნახეთ გუშინ, რომ ამ ავიაკომპანიას საიტზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უწერია, როგორც ცალკე სახელმწიფო. მითითებული აქვს, რომ რუსული პასპორტით აფხაზები და ოსები უნდა დაფრინავდნენ ამ თვითმფრინავით. პირდაპირ არღვევს ჩვენს კონსტიტუციას, ოკუპაციის კანონს. და რა გააკეთა მთავრობა, გარდა იმისა, რომ მისცა ნებართვა, დაუკავშირდა რუსეთს და სასწრაფოდ ორ საათში მოხსნეს ეს წარწერა. წარმოგიდგენიათ, როგორ სინქრონში მოქმედებს ეს ხელისუფლება რუსეთთან", - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ ბრიფინგის დროს.

15 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსულ ავიაკომპანიაზე, Азимут-ზე ნებართვა გაიცა და ის 17 მაისიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების შესრულებას შეძლებს. 

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესრულების მოთხოვნით განცხადება წარდგენილი აქვს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-საც.

საქართველოში ფრენით არის დაინტერესებული რუსული ავიაკომპანია Red Wings, რომელსაც რეისების შესრულება თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებებით სურს.


close დახურვა