ე.წ. რუსული კანონის განხილვას პარლამენტის იურიდიული კომიტეტი 12 აპრილის ნაცვლად, 15 აპრილს, ორშაბათს დაიწყებს. ინფორმაცია ფორმულას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა დაუდასტურა.
თავდაპირველად, კომიტეტს კანონპროექტის განხილვა მიმდინარე კვირაში, კერძოდ კი პარასკევს, 12 აპრილს უნდა დაეწყო. შესაბამისი გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ განხილვა ერთი სამუშაო დღით გადაიწია.
პარლამენტში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება 9 აპრილს უკავშირდება, რომელიც უქმე დღეა - შესაბამისად განხილვის დაწყების 1 დღით გადაწევა გახდა საჭირო.
პარლამენტმა უმრავლესობის მიერ ხელმეორედ ინიციირებული რუსული კანონი (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) დღეს, ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.