ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ამ დრომდე არ მომხდარა რუსული კანონის პროტესტის დროს პოლიციელთა მხრიდან, სავარაუდო, უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა.
როგორც საია-ში აღნიშნავენ, იმის ფონზე, რომ არც ერთი პოლიციელი პასუხისგებაში არ მიცემულა, რუსული კანონის პროტესტის მონაწილეების მიმართ საქმეები ჯერ კიდევ აქტიურია.
"საია მონიტორინგს უწევს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების კონტექსტში დაკავებულ პირთა სისხლის სამართლის საქმეებს. საჯარო წყაროებზე დაყრდნობით, ორგანიზაციამ 9 პირის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის იდენტიფიცირება მოახდინა. ყველა მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება/განიხილებოდა და თითოეული პირის მიმართ სასამართლომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გამოიყენა, რომელიც არც გადასინჯვის შედეგად შეცვალა.
საგულისხმოა, რომ ზემოთხსენებული საქმეებიდან 2 პირის საქმის განხილვა უკვე დასრულდა, ბრალდებულებმა უდავოდ მიიჩნიეს მტკიცებულებები და სასამართლომ მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა - ერთ მათგანს ჯარიმა, ხოლო მეორეს პირობითი მსჯავრი განესაზღვრათ. დანარჩენი საქმეები კი, არსებითი განხილვის ეტაპზეა და უმრავლეს მათგანზე უკვე მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს.
იმის ფონზე, რომ რუსული კანონის პროტესტის მონაწილეების მიმართ საქმეები აქტიურია, საგანგაშოა, რომ ამ დრომდე არ მომხდარა რუსული კანონის პროტესტის დროს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა", - წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სასამართლო პროცესების მონიტორინგი წლებია ავლენს, რომ ხშირ შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის ძალაში დატოვების მიზანშეწონილობის განხილვა ფორმალურ ხასიათს ატარებს. ამასთან, აღსანიშნავია, პროცესების დაგვიანებით დაწყებაც.
საია-ს ცნობით, რუსული კანონის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირთა საქმეების პროცესების ნაწილი 20 წუთი და მეტი დროით დაგვიანდა, ერთ შემთხვევაში 50 წუთითაც.