logo
ENG



რუსული კანონის წინააღმდეგ ოპოზიციამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

29 ივლ 202411:58
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა რუსული კანონის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. თამარ კორძაიას თქმით, სარჩელს 38 დეპუტატი აწერს ხელს.

ოპოზიცია რუსული კანონის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან შესაბამისობის დადგენას მოითხოვს. ასევე, მათივე მოთხოვნაა, სასამართლომ მიიღოს დროებითი მექანიზმი და შეაჩეროს რუსული კანონის ამოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

"საქართველოს საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, მედიასთან, პრეზიდენტთან და თითოეულ საქართველოს მოქალაქესთან, იმიტომ რომ ჩვენ ვთვლით, რომ რუსული კანონი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, ძირს უთხრის დემოკრატიას და ვთვლით, რომ ჩვენი ვალდებულებაა, კონსტიტუციური, ამაზე ვიდავოთ საკონსტიტუციო სასამართლოში.

საქართველოს საპარლამენტო ოპოზიცია აბსოლუტურად ერთიანია, 38 დეპუტატი ვაწერთ ხელს, ჩვენ სასამართლოში ყველასთან ერთად, მთელი საქართველო ქართული ოცნების წინააღმდეგ ვდავობთ რუსული კანონის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარ ვალდებულებას 78 მუხლით შესრულების გაითვალისწინებს და მიიღებს დროებით ღონისძიებას ამ კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე.

ვასაჩივრებთ მთელ კანონს, მაგრამ პირველი ეტაპი არის, რომ ჩვენ ვითხოვთ შეჩერებას, არჩევნებამდე ეს კანონი უნდა შეჩერდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება შეუქცევადი ზიანი მიადგეს ამ ქვეყანას. კანონის სრულფასოვანი ამოქმედება, სანქციების ამოქმედება იწყება 3 სექტემბრიდან, ამიტომ ვფიქრობთ, რომ იქამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს სხდომა, რომელზეც შეჩერების საკითხი იქნება განხილული", - თქვა თამარ კორძაიამ.

საკონსტიტუციო სასამართლოში ეს კანონი უკვე გაასაჩივრეს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმაც.


close დახურვა