რუსული მედიის ცნობით, აჯანყების შეწყვეტისა და კრემლის განცხადების მიუხედავად, რუსეთში ვაგნერის ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე არ შეჩერებულა. ინფორმაციას კომერსანტი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრიგოჟინის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც ის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაუპირისპირდა - მან უწყება ვაგნერის ბანაკების დაბომბვასა და მებრძოლების მკვლელობაში დაადანაშაულა. 24 ივნისს პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდა, 24 საათზე ნაკლებ დროში მისმა სამხედრო კოლონამ თითქმის მოსკოვამდე მიაღწია, თუმცა ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან დიალოგის შემდეგ, პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აჯანყება შეწყვიტა.
ამას გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი და თქვა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდებოდა და ვაგნერის ხელმძღვანელი ბელარუსში გაემგზავრებოდა.
დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მინისტრი სერგეი შოიგუ "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ზონაში დასავლეთის ძალების ჯგუფის წინა სამეთაურო პუნქტს ათვალიერებს. როდის არის ვიდეო გადაღებული, უცნობია, თუმცა პრიგოჟინის სამხედრო აჯანყების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა.