არასამთავრობო ორგანიზაცია სოლიდარობა მშვიდობისთვის ინფორმაციით, მოსკოვში რუსეთის სახელმწიფო დუმის წარმომადგენლებთან ერთად ფორუმი გამართეს, სადაც „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზაციის ასპექტები განიხილეს”.
ორგანიზაციის განცხადებით, მხარეებმა განიხილეს "აქტუალური საკითხები", მათ შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისები და ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ფორუმი სახელად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები და მათი განვითარების პერსპექტივები 7 დეკემბერს გაიმართა და მისი ორგანიზატორები რუსეთიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის წარმომადგენლები, საქართველოდან კი ორგანიზაცია სოლიდარობა მშვიდობისთვის იყვნენ.
სოლიდარობა მშვიდობისთვის აცხადებს, რომ "არასახარბიელო სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად", რუსეთსა და საქართველოს შორის "არ შეწყვეტილა მეგობრული ურთიერთობები".
„პირველად, დიდი ხნის შემდეგ, ორი ქვეყნის საპარლამენტო წარმომადგენლობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრები შეიკრიბნენ, რომ ღიად განეხილათ აქტუალური საკითხები, კერძოდ: სავიზო რეჟიმის გაუქმება, პირდაპირი ავიარეისებისა და რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა. მხარეები თანხმდებიან, რომ აუცილებელია ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.
არასახარბიელო სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, არ შეწყვეტილა მეგობრული ურთიერთობები და კავშირები, რაზეც მოწმობს ისიც, რომ საგრძნობლადაა მომატებული ტურისტული ნაკადი, ორმხრივი ინტერესი რუსეთ-საქართველოს მოქალაქეებს შორის, აგრეთვე, ნათესაობრივი კავშირები და მზარდი ეკონომიკური ბრუნვა.“ - წერია განცხადებაში.
ორგანიზაციის თქმით, დსთ-ს საკითხებში სახელმწიფო დუმის, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ - ლეონიდ კალაშნიკოვმა შეხვედრისას განაცხადა, რომ "დადგა მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის დრო" და უნდა განისაზღვროს ის ნაბიჯები, რაც შესაძლებელს გახდის, "აღდგეს ის ძველი და მტკიცე მეგობრული ურთიერთობები, რომელიც ყოველთვის არსებობდა ჩვენს ქვეყნებს შორის."
სოლიდარობა მშვიდობისთვის აცხადებს, რომ ფორუმის შედეგად გადაწყვიტეს, მიმართონ "სახელმწიფო მეთაურებს წინადადებებით: რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენის და ასევე, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების მოთხოვნით".
ორგანიზაციის ინფორმაციით, ქართული მხრიდან დელეგაციაში იყვნენ- საზოგადოებრივი ორგანიზაცია სოლიდარობა მშვიდობისთვის, პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის წარმომადგენლები მათ შორის დიმიტრი ლორთქიფანიძე, მერაბ ჭიქაშვილი, მიხეილ ჟღენტი და რუსეთ-საქართველოს ბიზნეს ასოციაციები.
რუსეთიდან მონაწილეებს შორის კი იყვნენ: რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები, რუსეთის საგარეო ურთიერთობების და სატრანსპორტო სამინისტროს წარმომადგენლები, გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის ფონდი, დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტი, ადვოკატთა ასოციაცია თქვენი იურიდიული რწმუნებული.
"სოლიდარობა მშვიდობისთვის"
ამ ფორუმის ორგანიზატორია სოლიდარობა მშვიდობისთვის. ორგანიზაცია მითების დეტექტორის ინფორმაციით, ა(ა)იპ სოლიდარობა მშვიდობისთვის 2021 წლის 2 თებერვალს დარეგისტრირდა. მისი დამფუძნებელთა კრების წევრები ზურაბ ჩოხელი და მერაბ ჩიქოვანი იყვნენ, ხოლო ორგანიზაციის თავმჯდომარე მერაბ ჭიქაშვილია, რომელიც პატრიოტთა ალიანსის წევრი და ამ პარტიასთან დაკავშირებული ტვ ობიექტივის წამყვანი იყო. ჭიქაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის სახელით კენჭს თბილისში, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატურაზე იყრიდა.
ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდის შექმნიდან სამი დღის შემდეგ, 2020 წლის 29 მაისს, გვერდმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარება დააანონსა, 23 ივნისს კი მისი შედეგები გაასაჯაროვა. სოლიდარობა მშვიდობისთვის ცნობით, გამოკითხული 8 990 რესპონდენტიდან 73%-მა თქვა, რომ საჭიროა აღდგეს ქართველ და რუს ხალხთა ურთიერთობები, 75.2% ეთანხმებოდა უვიზო რეჟიმის აღდგენას, 78.9% კი აცხადებდა, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელმძღვანელობებს შორის საჭიროა, გაიმართოს დიალოგი.
მითების დეტექტორის ცნობით, ორგანიზაციას კვლევის ანგარიში არ გაუსაჯაროებია და ჩატარებული გამოკითხვისა და მისი შედეგების ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებდა დასმული კითხვების ფორმულირებაც.
სოლიდარობა მშვიდობისათვის 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს გამოეხმაურა და ჟურნალისტებს მიკერძოებულობაში, ხალხის პროვოცირებასა და მოსახლეობაზე ფსიქოლოგიურ ძალადობაში დასდო ბრალი.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მერაბ ჭიქაშვილმა 2021 წლის 19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ბათუმში ვიზიტის პარალელურად საპროტესტო აქცია გამართა, სადაც „უმცირესობის ნაცვლად უმრავლესობის დაცვას და ალტ-ინფოს ნაცვლად ფორმულასა და ტვ პირველის დასჯა შემდეგი ტრანსპარანტებით მოითხოვეს: „ნუ უჭერთ მხარს უმცირესობას, რომელიც ძალადობს ტრადიციულ უმრავლესობაზე“, რატომ ისჯება ალტ-ინფო და არ ისჯებიან ფორმულა, მთავარი და ტვ პირველი“ - წერს მითების დეტექტორი.
ორგანიზაცია ISFED-ის მიერ 5 თებერვალს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში რუსეთის ფედერაციის მოუხსენიებლობა მმართველი პარტიის მხრიდან სტრატეგიულად სწორ ნაბიჯად მიიჩნევდა და ალტ-ინფოს ეთერიდან სახელმწიფოს მხრიდან მოზომილი განცხადებების გაკეთებას ლობირებდა ორგანიზაცია სოლიდარობა მშვიდობისთვის წევრი ჯაბა ჭანკვეტაძეც. ჭანკვეტაძე მოსკოვში გამართულ ამ ფორუმსაც ესწრებოდა.
როგორც ორგანიზაციის ოფიციალური გვერდიდან ჩანს, მის ხელმძღვანელსა და წევრებს ხშირად იწვევეს სახელმწიფო, პროპაგანდისტულ არხებზე, როგორიცაა იმედი, ალტ-ინფო და Georgian Times.
გორჩაკოვის, პრიმაკოვის ფონდები და სანქციები
10 სექტემბერს ნინო ბურჯანაძის პარტია გაერთიანებული დემოკრატების ყოფილმა წევრმა და პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ფონდის დირექტორმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ TBC ბანკმა სანქციები დაადო.
ლორთქიფანიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ბანკმა ანგარიშები დაუხურა.
TBC ბანკმა ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დახურა დიმიტრი ლორთქიფანიძის ორგანიზაციის ანგარიში, რომლის დამფუძნებელი ორგანიზაციაც სანქცირებულთა სიაშია.
ბანკის ცნობით, მათ ფიზიკური პირის, დიმიტრი ლორთქიფანიძის ანგარიში არ დაუხურავთ. TBC-ის თქმით, ფაქტი, რომ იურიდიული ორგანიზაციის დამფუძნებელი ორგანიზაცია სანქცირებულთა სიაშია, ანგარიშის დასახურად საკმარისი საფუძველია.
TBC ბანკმა არ დაასახელა იმ ორგანიზაციის სახელი, რომლის ანგარიშიც სანქცირებულ ორგანიზაციასთან კავშირის გამო დახურა.
სავარაუდოდ, საუბარია პრიმაკოვის ფონდზე, რომელიც ევროკავშირის მიერ სანქცირებული გორჩაკოვის ფონდის მიერაა შექმნილი. დიმიტრი ლორთქიფანიძე პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული ფონდის დირექტორი 2013 წლიდანაა.
პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოების ცენტრი რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაფუძნებული გორჩაკოვის ფონდისა და ქართული საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის მიერ 2013 წელს შეიქმნა. ცენტრი რუსული ენის კურსებს და სხვა ღონისძიებებს აფინანსებს. 2018 წლის მარტიდან პრიმაკოვის ცენტრის დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძეა.
ალექსნდრ გორჩაკოვის საჯარო დიპლომატიის ფონდი ევროკავშირის სანქცირებულ ორგანიზაციათა სიაში 2022 წლის 21 ივლისიდანაა. ის ერთ-ერთია იმ ორგანიზაციებს შორის, ვინც ევროკავშირის თქმით, უკრაინაში რუსეთის აგრესიას უჭერს მხარს.
ევროკავშირის ცნობით, ორგანიზაცია 2010 წელს დიმიტრი მედვედევის ინიციატივით შეიქმნა. ფონდის დამაარსებელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროა, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელია.
ევროკავშირის სანქცირებულ პირთა და ორგანიზაციათა შესახებ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს გორჩაკოვის ფონდს, რომელიც სანაცვლოდ სახელმწიფოს მიერ შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ანალიტიკურ ცენტრებს აფინანსებს.
„გორჩაკოვის ფონდი შექმნილია იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს რუსეთის კომპატრიოტებს პოსტ-საბჭოთა სივრცეში, რომლებიც კრემლის იდეოლოგიურ ობიექტებს წარმოადგენენ. გორჩაკოვის ფონდის მიერ ორგანიზებული პროექტები რუსეთის საგარეო პოლიტიკის დისკურსის მნიშვნელოვან ელემენტებს შეიცავს“ - აცხადებს ევროკავშირი.