სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ „მთავარი არხის“ მეწილის გიორგი რურუასთვის პატიმრობის მისჯა შეაფასა და თქვა, რომ მმართველ გუნდს არ ანაღვლებს, თუ რას ფიქრობს საერთაშორისო საზოგადოება საქართველოზე.
რუხაძე აღნიშნავს, რომ რურუას საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
„ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ გუნდს არ მოსწონდა გიორგი რურუას პოლიტიკური აქტივობა. დღევანდელი გადწყვეტილება, რომელიც ვნახეთ, სწორედ ამიტომ იყო პოლიტიკურად მოტივირებული. ვიცით, რომ საქმეში იარაღი არ ფიგურირებს და მას იარაღი ჩაუდეს. ამ ბრალდებებში ის უდანაშაულოა. მე მქონდა იმედი, რომ დღევანდელ გადაწყვეტილებაზე ასახვას ჰპოვებდა ის საერთაშორისო გზავნილები, რომელიც ბოლო 3 თვის განმავლობაში მოდიოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ანაღვლებს, თუ რას ფიქრობს საერთაშორისო საზოგადოება ჩვენზე“, - განაცხადა რუხაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.