logo
ENG



სააგენტო: გერმანიაში დამსაქმებელი კონტრაქტს არაჯეროვნად ასრულებდა, დაწყებულია გამოსწორება

19 მაი 202114:49
3 წუთის საკითხავი
 

დასაქმების სააგენტოს წარმომადგენელი ადასტურებს, რომ გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე გაგზავნილი მოქალაქეების კონტრაქტებს დამსაქმებელი არაჯეროვნად ასრულებდა. მისივე განმარტებით, დაწყებულია ამ პრობლემის გამოსწორება და საქმეში ჩართულია გერმანიის დასაქმების სააგენტოც. 

"4 ჯგუფია გამგზავრებული გერმანიის ფედერაციაში. როდესაც შემოვიდა პირველივე შეტყობინება ამ ჯგუფიდან, რომ ისინი წუხდნენ იმ სამუშაო პირობებზე, რომელიც მათ დახვდათ და აქ ადგილი აქვს დამსაქმებლის მხრიდან ხელშეკრულების პირობების არაჯეროვნად შესრულებას, იმ დღიდანვე კომუნიკაციაში ვართ გერმანიის ფედერალურ დასაქმების სააგენტოსთან, მათ თავის მხრივ პროცესში ჩართეს შესაბამისი გერმანული სახელმწიფო უწყებები იმისათვის, რომ დამსაქმებლებს დაეწყო აღებული ვალდებულებების შესრულება. ამ სამუშაო პირობების გამოსწორება დაწყებულია.

სამწუხაროდ, ყველგან შეიძლება, აღმოჩნდეს არაკეთილსინდისიერი დამსაქმებელი, თუმცა კარგია, რომ ქვეყნებს შორის ხელშეკრულება ითვალისწინებს ასეთი სიტუაციების მართვის მექანიზმებს", - განმარტავს ის. 

გერმანიაში დასასაქმეებლად წასული საქართველოს მოქალაქეების განცხადებით, მათ შესასრულებელი სამუშაო რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რასაც კონტრაქტი ითვალისწინებს.

დასაქმებულები ფორმულანიუსთან ყვებიან, რომ მათი ხელფასი სამჯერ ნაკლებია, კვება პრობლემაა, საცხოვრებელი პირობები კი არასათანადოა.

100 ათასამდე მსურველის მიუხედავად, ამ დრომდე გერმანიაში მხოლოდ 54 ადამიანია ჩასული სამუშაოდ. ბოლო  ჯგუფი საქართველოდან 9 მაისს წავიდა.


close დახურვა