სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობამ ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ოფშორულ კომპანიას პრივატიზაციის პირობები შეუცვალა, დეტალები კი არ გაასაჯაროვა.
სააგენტოს განცხადებით, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიას საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადა 1 წლით - 2024 წლის 1-ელ დეკემბრამდე გაუხანგრძლივდა.
"აღნიშნული საკითხისადმი საზოგადოების მეტი ინფორმირებულობის მიზნით გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ცვლილება შეიტანა მოქმედ განკარგულებაში.
აქვე აღსანიშნავია, რომ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ამავე დროს შესრულებულია საპრივატიზებო პირობების ნაწილი: მათ შორის, ინვესტიციის ოდენობა, რომელიც 20 მლნ ლარით იყო განსაზღვრული, აუდიტის დასკვნების საფუძველზე, 50 მლნ ლარამდეა განხორციელებული.
გამომდინარე აქედან, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ისეთი მასშტაბური პროექტის დასრულების ვადების ერთი წლით გადაწევის შესახებ, როგორიცაა სიღნაღში 100-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლა, რომელიც არა მხოლოდ დაასაქმებს ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ გახდება მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრი სიღნაღის მუნიციპალიტეტში", - აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, 4 დეკემბრის განკარგულებით, საქართველოს მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს პარტნიორის, ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის კომპანიისთვის გადაცემული ქონების პრივატიზაციის პირობებში.
თუმცა, TI-ის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაცია არ ასაჯაროებს, კონკრეტულად რა შეიცვალა. ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობის ადმინისტრაციას, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, უარი თქვას მთავრობის განკარგულებებისა და პრემიერ-მინისტრის ბრძანებების დამალვის უკანონო პრაქტიკაზე და საზოგადოებისთვის საჯარო გახადოს ეს დოკუმენტები.
ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.
გასულ წელს, უკრაინულმა პორტალმა ომი და სანქციები, რომელიც ქვეყნის ანტიკორუფციულ სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა შექმნილი, 12 ქართველის მონაცემები გამოაქვეყნდა, რომელთა შორის ვანო ჩხარტიშვილიც მოხვდა - პორტალის შემქმნელები მიიჩნევდნენ, რომ ჩხარტიშვილი საქმიანობის, კავშირების ან უკრაინაში ომთან დამოკიდებულების გამო, სანქცირებულთა სიის კანდიდატობას იმსახურებდა.
2021 წელს შაბათის ფორმულას მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ჩხარტიშვილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან ერთად ბენზინის კორუფციული სქემის უკან დგას.