სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა მსურველთა მომართვიანობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ საქართელოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით 2022 წელს რუსეთის 3 265 მოქალაქის განცხადება იყო მიღებული. მათგან მხოლოდ 728 პირს მიენიჭა მოქალაქეობა.
მათი განცხადებით, მოქალაქეობა მინიჭებული 728 პირი "წარმოშობით საქართველოდან არიან და ამასთან აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნას საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესახებ."
"პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისთვის აუცილებელია, რომ პირი წარმოშობით იყოს საქართველოდან და აკმაყოფილებდეს კანონით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს. კერძოდ, მოქალაქეობის მიღების მსურველი უნდა იყოს – საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული, ასევე სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირი, რომელიც დღეისათვის სხვა ქვეყნის მოქალაქეა და სურს სამშობლოსთან კავშირის აღდგენა.
სააგენტოში საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით 2022 წელს წარმოდგენილ იქნა რუსეთის 3 265 მოქალაქის განცხადება. მათგან საქართველოს მოქალაქეობა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიენიჭა მხოლოდ 728 პირს, რომლებიც წარმოშობით საქართველოდან არიან და ამასთან აკმაყოფილებენ კანონით დადგენილ მოთხოვნას საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესახებ."- წერია განცხადებაში.
IDFI-ის ცნობით, 2022 წელს, პირველი 7 თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა ჯამში 1 598 ადამიანს მიენიჭა, მათგან 723 რუსეთის მოქალაქე იყო. 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით მიიღო რუსეთის 551-მა მოქალაქემ, ხოლო უკრაინის 8 მოქალაქემ.
IDFI-ის ინფორმაციით, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის გაცემის მაჩვენებელი მარტის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, თუ 2022 წლის იანვარში საქართველოს მოქალაქეობა 74-მა რუსმა მიიღო, მარტში კი 43-მა, ივნისში ეს რიცხვი 162-მდე გაიზარდა, ივლისში - 136-მდე. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით რუსეთის 551 მოქალაქეს, ხოლო უკრაინის მხოლოდ 8 მოქალაქეს მიენიჭა.