მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ შქმერში მანგანუმის მოპოვებაზე გაცემული ლიცენზია შეჩერებულია.
უკვე თვეებია, ადგილობრივი მოსახლეობა ლიცენზიის შეჩერებას ითხოვს. მათი თქმით, არც შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებიდან და არც მომპოვებელი კომპანიიდან არავინ დაინტერესებულა ადგილობრივი მაცხოვრებლების აზრით ამ პროცესზე და არ მიუწოდებია ინფორმაცია მოსალოდნელი ზიანის შესახებ. მოსახლეობა ამბობს, რომ ეს სამუშაოები სოფელს დააზარალებს, შეიცვლება კლიმატი და დაბინძურდება ჰაერი.
სააგენტოს ინფორმაციით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში კომპანიების შპს ტექნოლოჯი 2021-ისა და შპს მნ ნორთი-ს საქმიანობა შეისწავლეს, რის შედეგადაც შპს ტექნოლოჯი 2021-ის მიერ ლიცენზიის დარღვევა გამოავლინეს.
"გამოვლენილ დარღვევებზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ონის მაგისტრატ სასამართლოში გადაიგზავნა. კანონმდებლობით გათვალისწინებულია ლიცენზიანტისთვის გონივრული ვადის მიცემა სალიცენზიო პირობების დასაცავად და ჯარიმის დაკისრება. სასამართლო სხდომა ჯერ არ ჩატარებულა.
ამასთან, წიაღით შესაძლო უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით, 2021 წლის 22 ნოემბერს საქმის მასალები, კომპეტენციის ფარგლებში, შესწავლისა და შემდგომი რეაგირების მიზნით გაიგზავნა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. დღეის მდგომარეობით, შპს ტექნოლოგი 2021-ისთვის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობა შეჩერებულია", - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე თქმით, სოფელ შქმერში ლიცენზია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებაზე აღარ გაიცემა.
სააგენტოს ინფორმაციით, შპს ტექნოლოჯი 2021-ს შქმერში მანგანუმის მოპოვების ლიცენზია 2021 წლის 9 ივლისს მიენიჭა.