logo
ENG



სააგენტო დაკავებულ ტანკერზე: ვაზუსტებთ ფაქტობრივ გარემოებებს, ქართველებზე ინფორმაციას

08 იან 202615:32
3 წუთის საკითხავი
 
2026/01/08/wfvs3q0ojs2gtkd.png

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აზუსტებენ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, ახდენენ გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას.

"ღია წყაროების მიხედვით, 2026 წლის 7 იანვარს აშშ-ის მიერ ატლანტის ოკეანეში დაკავებული ტანკერის „Marinera“ ეკიპაჟის შემადგენლობაში იმყოფება 28 მეზღვაური, მათ შორის 6 – საქართველოს მოქალაქე, რომელთაგან ერთ-ერთი, გავრცელებული ინფორმაციით, გემის კაპიტანია. ასევე, ეკიპაჟში არიან 20 უკრაინის და 2 რუსეთის ფედერაციის მოქალაქე.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტანკერი დაკავებული იქნა აშშ-ის მიერ ვენესუელაზე დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაძლო დარღვევის ბრალდებით. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამჟამად ახორციელებს ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას, მათ შორის, გემის დამსაქმებელი კომპანიის იდენტიფიცირებას და ეკიპაჟის ქართველი წევრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას"- ნათქვამია განცხადებაში.

შეერთებულმა შტატებმა სანქციების დარღვევის გამო ნავთობტანკერი M/V Bella 1 ჩრდილო ატლანტიკის აკვატორიაში დააკავა.

ტანკერის დაკავება განხორციელდა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისა (DOJ) და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის (DHS) მონაწილეობით, თავდაცვის დეპარტამენტთან კოორდინაციით. გემი აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე იქნა დაკავებული, მას შემდეგ, რაც მისი გადაადგილება აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდის - USCGC Munro-ს მიერ იყო შემჩნეული.

აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, Bella 1 2024 წლიდან აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, რადგან იგი „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი იყო და უკანონოდ ახორციელებდა ნავთობის ტრანსპორტირებას სანქციების გვერდის ავლით.


close დახურვა