logo
ENG



სააკაშვილთან პირად ექიმს კვლავ არ უშვებენ

09 ნოე 202119:01
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მის პირად ექიმს ამ დრომდე არ უშვებენ. როგორც ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რამდენიმე საათია უშედეგოდ ელოდება ციხის საავადმყოფოში შესვლას.

"არაფერი კითხვები არ აქვთ, მეუბნებიან, მოიცადეთ, ახლავე გავარკვევთ. დღეს დაახლოებით ორი საათიდან აქ ვართ", - განაცხადა ყიფშიძემ.

სააკავშილთან შეხვედრას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა რადას დეპუტატი ლიზა იასკოც, თუმცა როგორც ის ამბობს, მასაც ეუბნებიან, რომ მოთხოვნა დამუშავების პროცესშია. 

10 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი საქმის სასამართლო პროცესია ჩანიშნული. სასამართლოს ვებგვერდზე უკვე მითითებულია დრო და დარბაზიც. ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელმა შეატყობინა, რომ გაკეთდება მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანის შესახებ.

ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ადვოკატებისგან იღებს და არაა დარწმუნებული, რომ ის სასამართლო პროცესზე დასწრებას შეძლებს.

ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. იმავე საღამოს მან შიმშილობა დაიწყო და უკვე 40 დღეა, საკვები არ მოუღია. 

ადვოკატები და ექიმები ექსპრეზიდენტის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში ითხოვდნენ, ვინაიდან ციხის საავადმყოფოში არ არის საკმარისი აღჭურვილობა, ამასთან, მისი უსაფრთხოებაც არ იქნებოდა დაცული. იგივე დაადასტურა სახალხო დამცველმაც. 

მიუხედავად ამისა, 39-დღიანი შიმშილობის შემდეგ, 8 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილი მაინც გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პეიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი თავის ნივთებს ალაგებს და ციხის თანამშრომლებს თავისი ნებით მიყვება. უწყება ამტკიცებდა, რომ მისი გადაყვანა არ მომხდარა ძალადობრივად. თუმცა, ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე წუთში სააკაშვილთან შეხვედრიდან გამოსულმა ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მას მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო კლინიკაში მიჰყავდათ. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მან უარი განაცხადა მანქანიდან გადასვლაზე, ძალის გამოყენებით გადაიყვანეს მანქანიდან პატიმრების გინების ქვეშ, "გაათრიეს მიწაზე" და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში.

გარდა ამისა, გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფოში ექსპრეზიდენტს პატიმრებმა ე.წ შუმოკი მოუწყვეს - მას ერთხმად აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. 


close დახურვა