logo
ENG



სააკაშვილი: აფხაზებს საქართველოსა და აფხაზეთის საერთო ფედერაციის შექმნა უნდა შევთავაზოთ

10 ივნ 202217:03
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი: აფხაზებს საქართველოსა და აფხაზეთის საერთო ფედერაციის შექმნა უნდა შევთავაზოთ

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველომ აფხაზეთს საერთო სახელმწიფოს საქართველოსა და აფხაზეთის ფედერაციის შექმნა უნდა შესთავაზოს. ამის შესახებ სააკშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომში უკრაინის გამარჯვებისა და ევროკავშირში საქართველოს მიღების შემდეგ საქართველომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან მოლაპარაკებები უნდა შეძლოს.

სააკაშვილი ცხინვალისა და აფხაზეთის შემთხვევაში 2 სხვადასხვა გზაზე საუბრობს.

მისი თქმით, რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანასთან ერთად ცხინვალის საკითხი თავისთავად მოგვარდება - "ვინც წასასვლელია, წავა და ვინც დარჩება, იმათთან გასაყოფი ჩვენ არაფერი გვაქვს".

ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსახლეობის ოდენობისა და "გაუცხოების მაღალი ხარისხის გამო" სიტუაცია გაცილებით რთულადაა აფხაზეთის შემთხვევაში. მისი აზრით, აფხაზეთის მოსახლეობას საქართველომ ქართველთა და აფხაზთა საერთო სახელმწიფოს, საქართველოსა და აფხაზეთის ფედერაციის შექმნა უნდა შესთავაზოს, რომლის ადმინისტრაციული ცენტრიც ქუთაისში იქნება.

„ჩვენ, ჩემი აზრით, მათ უნდა შევთავაზოთ ქართველთა და აფხაზთა საერთო სახელმწიფოს, საქართველოსა და აფხაზეთის ფედერაციის შექმნა ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში. ამ სახელმწიფოში იარსებებს ორმაგი მოქალაქეობა, რაც ნიშნავს, რომ აფხაზეთის მოქალაქე ავტომატურად იქნება საქართველოს მოქალაქე და დანარჩენი საქართველოს მოქალაქე არ იქნება ავტომატურად აფხაზეთის მოქალაქე. ამით მოვუხსნით აფხაზებს ასიმილაციის შიშს. ორივე - ქართული და აფხაზური იქნება სახელმწიფოს ოფიციალური ენები.” - წერს სააკაშვილი.

სააკაშვილის თქმით, ამგვარი მმართველობის პირობებში აფხაზეთის პრეზიდენტი საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი იქნება, ქუთაისში არსებული პარლამენტი კი ორპალატიანი იქნება და ზედა პალატაში ფედერაციის ორივე სუბიექტს თანაბარი წარმომადგენლობა ექნება.

ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ უნდა განისაზღვროს გარდამავალი 3-5 წელი, როცა შეიარაღებული ძალების, საბაჟო და სასაზღვრო სამსახურის ინტეგრირება მოხდება. ფედერაციის შიგნით კი, სააკაშვილის თქმით, უნდა იყოს თავისუფალი გადაადგილება და მოქმედებდეს საერთო უსაფრთხოების რეჟიმი.

მისი აზრით, აფხაზეთი თანახმა იქნება ამ მოდელზე, რადგან საერთო ფედერაციაში არსებობა აფხაზეთისთვის ევროკავშირის ნაწილად ყოფნის ერთადერთი შანსია.

„წამოვლენ თუ არა ამაზე აფხაზები? - ბოლო ათწლეულებმა კარგად აჩვენა, რომ აფხაზეთს საერთაშორისო აღიარების შანსი არ აქვს. საქართველოსთან ერთად კი ჩვენი შემოთავაზებული მოდელით მას შეუძლია გახდეს ფედერაციის სრულფასოვანი სუბიექტი და ევროკავშირის ნაწილი განვითარებისა და იდენტობის დაცვის სრული გარანტიებით” - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის აზრით, აფხაზეთთან გაერთიანება საქართველოს ეკონომიკასა და ქართველი და აფხაზი ოჯახების კეთილდღეობაზეც დადებითად აისახება. რამდენიმე წელში საქართველოს ერთიანი ეროვნული პროდუქტი 2-3ჯერ გაიზრდება და დადებითად აისახება თითოეული ქართული და აფხაზური ოჯახის კეთილდღეობაზე.

„ჩემი გათვლებით, აფხაზეთთან გაერთიანების პირობებში 3-4 წელიწადში საქართველოს ერთიანი ეროვნული პროდუქტი 2-3-ჯერ გაიზრდება, რაც დაეტყობა თითოეული ქართული და აფხაზური ოჯახის კეთილდღეობას. აფხაზეთთან ერთად მთელ საქართველოს ფედერაციას შეეძლება 6-7 წელიწადში ტურისტების რაოდენობის 20 მილიონამდე გაზრდა. დაიწყება საპორტო ინფრასტრუქტურის ბუმი, იქნება ბევრი სხვა სარგებელიც” - განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.

განცხადებაში ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ ამგვარ თემებზე მსჯელობა უკვე უნდა მიმდინარეობდეს, „რათა მზად ვიყოთ დიდი ცვლილებებისთვის და ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ”.

 

close დახურვა