logo
ENG



სააკაშვილი: განვიცდი, რომ ჩემ გამო, უდანაშაულო კარტოგრაფები ამდენი თვეა, სხედან ციხეში

21 იან 202121:55
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კარტოგრაფების საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული ჩანაწერი, ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გადასაფარად გამოიყენა. 

სააკაშვილი კარტოგრაფების საქმეს სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავება პოლიტიკური მიზნით მოხდა, კერძოდ, კი მის გამო. 

"შეეცადნენ სტრასბურგის გადაწყვეტილების გადაფარვას ამ სამარცხვინო საქმით. ძალიან მწყინს და ძალიან განვიცდი იმას, რომ ჩემ გამო, უდანაშაულო ორი ადამიანი - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ამდენი თვეა, სხედან ციხეში. ეს არის სრულიად ამორალური, ცინიკური რაღაცა, რაზეც პასუხს აგებს არა მხოლოდ დამკვეთი ივანიშვილი, არამედ ყველა ის მოსამართლე, ყველა პროკურორი და ყველა ის არაფორმალური ადამიანი, ბოროტების განსახიერება, რომელიც ამ ორ წესიერ ადამიანს უსწრაფავს სიცოცხლის დღეებს", - განაცხადა სააკაშვილმა გადაცემაში სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა. 

მან დაკავებულების ოჯახებსაც მიმართა და ბოდიში მოუხადა, რადგან მიიჩნევს, რომ საქართველოში "ბევრ უდანაშაულო ადამიანს მის გამო აკავებენ". 

"მინდა დიდი თაყვანისცემით და ბოდიშის მოხდით მივმართო მათ ოჯახებს, ყველამ ვიცით რის გამო ხდება ეს. ეს ხდება ჩემ გამო. ბევრი უდანაშაულო ადამიანი ჩემ გამო დაიჭირეს. ყველაფერს გავაკეთებ რომ სიტუაცია გამოვასწორო, ღამეები არ მძინავს, რომ საქართველო ამ უბედურებიდან გამოვიყვანო", - ამბობს სააკაშვილი. 

დღეს, 21 იანვარს გენერალურმა პროკურატურამ ფარული ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც, მათი ინფორმაციით, დაკავებული კარტოგრაფის, ივერი მელაშვილისა და საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ.-ს საუბარია ასახული. საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის მტკიცებით, ჩანაწერით "დასტურდება, რომ მათი როგორც ექსპერტების გადაწყვეტილებები საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არ შეესაბამებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს".

როგორც ირკვევა, პროკურტურა იველი მელაშვილს დაკავებამდე საკუთარ სამუშაო ოთახში აყურადებდა. უწყების ინფორმაციით, ჩანაწერი 2020 წლის 28 სექტემბრით თარიღდება.

  • პროკურატურის განცხადება სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ. 

 

ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული დავით ხიდაშელის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილ რუკებზე დაყრდნობით, პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრები, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, 7 ოქტომბერს დააკავა. 

გამოძიება სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა, ვინაიდან "რკინიგზა, ხიდი, კვეთა რკინიგზისა და გზის, ხევი, ხრამი, სიმაღლე არ ემთხვევა სხვა რუკებს და რომ ცდომილება არის 200-300 მეტრი. მისივე მტკიცებით, ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებდა". 

იგივე დაადასტურა დამოუკიდებელმა ექსპერტიზამაც, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, თუმცა, მისი შედეგები სასამართლომ არ გაითვალისწინა. 

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იმავეს ამბობენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ არ ეძლევათ საქმის მასალებზე სრულად წვდომის საშუალება. მათივე თქმით, ირღევა დაცვის უფლება - სასჯელაღსრულების დაწესებულება ადვოკატებს საშუალებას არ აძლევს, კარტოგრაფებს კონფიდენციალურად დაელაპარაკონ. 


close დახურვა