logo
ENG



სააკაშვილი: ვაშაძე ამბობდა, რომ დაიღალა პოლიტიკით, ენმ სხვა ტიპის ბრძოლის ეტაპზე გადადის

16 დეკ 202021:53
3 წუთის საკითხავი
 

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისივე პარტიის თავმჯდომარის წასვლას ეხმაურება და ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძეს პოლიტიკით დაღლისა და წასვლის თაობაზე არაერთხელ უთქვამს, მათ შორის საჯაროდ. გიორგი თარგამაძის ფორმულაში ინტერვიუსას სააკაშვილი ვაშაძეს "ბრწყინვალე დიპლომატს" უწოდებს და ამასთან, ამბობს იმასაც, რომ ნაციონალური მოძრაობა "უნდა გარდაიქმნას" და ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდეს. 

"გრიგოლ ვაშაძე მარტო მე კი არ მესაუბრებოდა, არაერთხელ უთქვამს საჯაროდ, რომ დაიღალა პოლიტიკით, აპირებს პოლიტიკიდან წასვლას. იგი ბრწყინვალე, კვალიფიციური დიპლომატია. ასეთი იშვიათად გვყოლია საქართველოს ისტორიაში. ახლა ნაციონალური მოძრაობა გადადის იმ ეტაპზე, როცა ბევრად სხვა ტიპის ბრძოლაა საჭირო, საჭიროა ბევრად შემტევი, ბევრად შორსწამსვლელი. ასეთი დრო მოითხოვს ახალ გამოწვევებს, ახალ ხალხს. ნაციონალური მოძრაობა უნდა გარდაიქმას, ისევე როგორც მთელი ოპოზიცია", - ამბობს სააკაშვილი.  

წამყვანის კითხვაზე, მოიაზრებდა თუ არა ვაშაძე მის მიერ ნახსენებ "ოდიოზურ ფიგურებში" ვანო მერაბიშვილის, სააკაშვილი პასუხობს, რომ მერაბიშვილი პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას არც აპირებდა და ხმები, რომ მისი გავლენები პარტიაში ფართოვდება, "სრული იდიოტიზმია": 

"ვანო მერაბიშვილი ნაციონალურ მოძრაობაში არ გამოჩენილა, მან უარი თქვა კენჭისყრაზე, მე რამდენჯერმე ვესაუბრე ვანოს და აქაც იყო ჩამოსული და მისი მყარი პოზიცია იყო, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში აქტიურ მონაწილეობას. თუ გაინტერესებთ, არც მისაუბრია რამდენიმე კვირაა მასთან. [...]

ნაციონალურ მოძრაობაში მოვიდა ძალიან საინტერესო, ახალი ხალხი. ნიკა მელია ჩამოყალიბდა ახალ ლიდერად. კორძაია და სამნიძე სუპერვარსკვლავები არიან, საინტერესოა ნონა მამულაშვილი. ძალიან საინტერესოდ, ახლებურად წარმოჩინდა კახა ოქრიაშვილი, რომელთანაც ადრე უთანხმოება მქონდა", - აცხადებს სააკაშვილი. 

გრიგოლ ვაშაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვების შესახებ განცხადება 15 დეკემბერს გამოაქვეყნა. მან ფეისბუქზე ადწერა, რომ არ ეთანხმება პარტიის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. მისივე თქმით, მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა.

ვაშაძე ასევე მიუთითებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დატოვების ერთოერთი მიზეზი მის შიგნით და გარშემო "ისეთი ოდიოზური ფიგურების გამოჩენაა, რომელიც პარტიამ წარსულს ჩააბარა."

მისივე თქმით, ასევე "მიუღებელია დიპლომატებზე თავდასხმა". ვინაიდან ამით აშშ-სთან და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობას ზიანი ადგება.


close დახურვა