logo
ENG



სააკაშვილი: ვინც მოიპარა ხალხის ნება და შევიდა პარლამენტში, დროზე უნდა გამოვიყვანოთ იქიდან

11 დეკ 202016:22
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/11/ayh804wavgeau34.png

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციის ერთობა და პარლამენტში ქართული ოცნების მარტო დატოვება. 

სააკაშვილის თქმით, არავის სჯეროდა ოპოზიციის ერთობის ერთი იდეის გარშემო. სააკაშვილი აცხადებს, რომ მოპარული არჩევნები არავის უნდა შერჩეს და ერთობით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ახლა პრაქტიკულად არავინ არ შევიდა პარლამენტში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის, ვინც შევიდა უკანონოდ პარლამენტში და მოიპარა ქართველი ხალხის ნება და არჩევნები დროზე იქიდან გამოვიყვანოთ და საქართველოს გაუჩნდეს ლეგიტიმური ხელისუფლება, ლეგიტიმური პარლამენტი და საქართველომ გააგრძელოს განვითარება და გადაწყვიტოს უმძიმესი კრიზისი, რომელიც ახლა არის ჩვენს ქვეყანაში!", - აცხადებს სააკაშვილი.

დღეს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა. პარლამენტში პირველ სხდომაზე მხოლოდ ქართული ოცნების წევრები იმყოფებიან.

მოქალაქეების გარდა ყველა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია მანდატების გაუქმებასა და სიის დახურვაზე პარლამენტს 14 დეკემბერს მიმართავს. პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და ხელისუფლებისგან ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. 

მოლაპარაკებების 4 რაუნდის გამართვის შემდეგ, პარტიების უმეტესობას მიაჩნია, რომ პროცესი ქართულმა ოცნებამ ჩიხში შეიყვანა და ხელისუფლებისგან მნიშვნელოვანი კომპრომისის მოლოდინი აღარ აქვთ. 

მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარება გამორიცხულია. თუმცა, პარტიის გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნების სამართლიანობას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეისწავლის, ხოლო თუკი 1%-იანი გადაცდომა მაინც დაფიქსირდება ქართული ოცნების სასარგებლოდ, ქართული ოცნება რიგგარეშე არჩევნებს გამოაცხადებს.

პროტესტის დემონსტრირებისთვის დღეს, ერთპარტიული პარლამენტის პირველად შეკრების პარალელურად, ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ მანდატების გაუქმების მემორანდუმს მოაწერა ხელი. 


close დახურვა