საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის მიზანი ქართველი ერის გენოციდია.
როგორც მან გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა, ივანიშვილი არათუ აპირებს ხალხის დასაქმებას, არამედ აპირებს შექმნას ყველა პირობა, რათა ახალგაზრდები არ დარჩნენ ქვეყანაში.
„ივანიშვილმა გუშინ განუცხადა ქართულ საზოგადოებას, ყველანი წადით საქართველოდანო. ივანიშვილმა ჩამოაყალიბა ქართველი ერის გენოციდის კონცეფცია. ის არათუ არ აპირებს დასაქმებას, პირიქით, აპირებს ყველა პირობა შექმნას, რომ ახალგაზრდობა არ დარჩეს ქვეყანაში. ეს არის კონცეფცია, რომელიც ეწინააღმდეგება იმას, რასაც მე ვაკეთებდი. მე მთელ მსოფლიოში დავდიოდი, რათა ჩამომეტანა ინვესტიციები, მათ შორის ვაბრუნებდი ქართველებს. ჩემი პრეზიდენტობის 9 წლიდან 8 წლის განმავლობაში მეტი ბრუნდებოდა, ვიდრე მიდიოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ავაშენებინეთ მარღანიას ჰილტონი, შემოვიყვანეთ ტრამპი, რომელიც გააჩერა ივანიშვილმა. ჩვენ ვქმნიდით სამუშაო ადგილებს და ვასაქმებდით ხალხს. რომ არ გაეჩერებინა ლაზიკის პორტი, ხელვაჩაურის ინდუსტრიული ზონა, წყალტუბოს განვითარება, დღეს უკვე გვექნებოდა დამატებით 200 000 სამუშაო ადგილი. აქ მე მეკუთვნის ტყეც, წყალი, თქვენ ხართ ჩემი ყმები, მე ვარ ფეოდალი და თქვენ მე უნდა დამემორჩილეთო, ვისაც დამორჩილება არ უნდა, წადით ქვეყნიდანო. ივანიშვილის კონცეფცია არის საქართველო ქართველების გარეშე, ამაზე კი პასუხი უნდა იყოს, საქართველო ივანიშვილის გარეშე“, - განაცხადა სააკაშვილმა.