პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია მცდარი ინტერპრეტაციით გაავრცელა.
სააკაშვილის თქმით, მან სტრასბურგის სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც იუსტიციის სამინისტრო მის კლინიკაში გადაყვანაზე უარს ამბობდა, რის დაკმაყოფილების შემდეგაც, მისი თქმით, 2021 წლის 7 დეკემბერს წერილობით შეატყობინა სტრასბურგის სასამართლოს, რომ ამ ეტაპზე სარჩელს არ წარადგენდა, თუმცა სამომავლოდ იტოვებდა ამ უფლებას. სააკაშვილის თქმით, სწორედ ამ მიმართვის საფუძველზე დაასრულა სტრასბურგმა საქმის წარმოება.
პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილების შეგნებული გაყალბება და ფაქტებით მცდარი მანიპულირება ქართველი საზოგადოების თვალში ევროპული სასამართლოს დისკრედიტაციას ემსახურება.
„ჩემი შიმშილობის პერიოდში, ვინაიდან იუსტიციის სამინისტრო უარს ამბობდა კლინიკაში გადაყვანაზე, მივმართე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოვითხოვე საჩივრის შეტანამდე დროებითი ღონისძიებით მთავრობის დავალდებულება, განეხორციელებინა აუცილებელი და კანონით დადგენილი ქმედებები.
სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა და შესაბამისი დავალება მისცა საქართველოს მთავრობას, რის შედეგადაც გადამიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. ამის შემდეგ, 2021 წლის 07 დეკემბერს, წერილობით შევატყობინე სტრასბურგის სასამართლოს, რომ, რადგან ეროვნულ დონეზე სამართლებრივი საშუალებები ჯერ არ არის ამოწურული, ამ ეტაპზე არ წარვადგენ სარჩელს, თუმცა სამომავლოდ დავიტოვებ ამ უფლებას და გამოვიყენებ (იხილეთ ფოტო). სწორედ ამ მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ დაასრულა წარმოება მოცემულ საქმეზე, რაზეც მეტყველებს საქმის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად კონვენციის 37.1 მუხლის აღნიშვნა.
მინდა განვაცხადო, რომ კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად სტრასბურგის სასამართლოს ინსტრუმენტალიზაცია. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან უკვე მერამდენედ აქვს ადგილი სასამართლოს გადაწყვეტილების შეგნებულ გაყალბებას და ფაქტებით და შეგნებულად მცდარი ინტერპრეტაციებით მანიპულირებას, რითიც ახდენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დისკრედიტაციას ქართული საზოგადოების თვალში.
ზემოაღნიშნული ფაქტის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს”, - აცხადებს სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი 1-ლ ოქტომბერს საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. ის დაკავებიდან 50 დღე შიმშილობდა. არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია მის სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდა. აღნიშნულის შესახებ სააკაშვილის ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს.
სტრასბურგის სასამართლომ 19 ნოემბერს გამოსცა დროებითი ღონისძიება, რომლითაც სახელმწიფოს დაავალა, ომბუდსმენის მიერ შექმნილ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით ეხელმძღვანელა და მიხეილ სააკაშვილი მულტიპროფილურ კლინიკაში გადაეყვანათ. სწორედ ამ დღეს შესთავაზა იუსტიციის სამინისტრომ ყოფილ პრეზიდენტს მკურნალობის გორის ჰოსპიტალში გაგრძელება.