logo
ENG



სააკაშვილი: მივიდეთ არჩევნებზე, საქართველოს თავისუფლება დამოკიდებულია თქვენს აქტიურობაზე

02 ოქტ 202109:57
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი: მივიდეთ არჩევნებზე, საქართველოს თავისუფლება დამოკიდებულია თქვენს აქტიურობაზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს და მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებს. 

სააკაშვილი წერილში წერს, რომ საქართველოს თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია ხალხის აქტიურობასა და ბრძოლისუნარიანობაზე. 

"ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო და ჩემო სათაყვანებელო ქართულო საზოგადოებავ, როდესაც ყველაფერი მივატოვე კიევში და აქ ჩამოვედი, ვიცოდი, რომ დიდი ალბათობით, დამაკავებდნენ. სრულიად მოგონილი ყალბი განაჩენებით, რომლებიც თავის დროზე მათ შორის, პუტინის დაკვეთით გამომიტანეს. მსოფლიოს არცერთი ქვეყანა, რუსეთის გარდა, ამ განაჩენებს არ აღიარებს, მაგრამ მე მაინც ჩამოვედი, ვინაიდან მჯერა ჩემი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის. ძალიან მინდა გთხოვოთ, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, რათა არ დაიკარგოს არცერთი ხმა და ამის შემდეგ ყველამ ერთად დავიცვათ რეფერენდუმის შედეგები.

ჩემი თავისუფლება და რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია თქვენს აქტიურობაზე და ბრძოლისუნარიანობაზე უახლოეს დღეებში. ამაზეა ასევე დამოკიდებული საერთაშოროსო მხარდაჭერა. გთხოვთ, არ შედრკეთ და ბოლომდე ვირწმუნოთ, რომ ჩვენი გამარჯვება ჩვენსავე ხელშია", - წერს სააკაშვილი. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ლ ოქტომბერს თბილისში დააკავეს.

მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რისი ამსახველი ვიდეო მასალაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

სააკაშვილის დაკავება საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. დაკავებიდან ცოტა ხანში სააკაშვილის ახალი მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ და გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს. 

აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს

თავად საკააშვილმა 1-ლი ოქტომბრის დილით გაავრცელა ვიდეო მიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება


close დახურვა