logo
ENG



სააკაშვილი: უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში

25 ნოე 202113:45
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილი წერილს აქვეყნებს, რომელშიც საზოგადოებას დეკემბრის თვეში საერთო ეროვნული აქციის მომზადებას მოუწოდებს.

ამავე წერილში, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას თხოვს 29 ნოემბერს ჩანიშნულ პროცესზე შეიკრიბონ სასამართლოსთან.

"რაც შეეხება ჩემს გუშინდელ პოსტს - მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში შეიქმნება ჩემი თავისუფლების საზოგადოებრივი კომიტეტი. ამავე დროს, ველი და ზუსტად ვიცი, რომ ამ მიმართულებით ისეთივე ძალით გააგრძელებს აქტიურობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მადლობელი ვარ სხვა პარტიების და პიროვნებების მხრიდან აქტიურობის და ეს გარდაუვლად გამოიწვევს საზოგადოების ფართო ფენების აქტიურობის ტალღას. მოგიწოდებთ მრავალი სხვადასხვა აქციისკენ და უნდა მოვამზადოთ ერთი დიდი საერთო ეროვნული აქცია დეკემბერში.

29-ში ჩანიშნულ "სასამართლო" პროცესზე გთხოვთ, რომ შეიკრიბოთ სასამართლოსთან. ეს იქნება პირველი შესაძლებლობა პირდაპირი მიმართვის ბოლო ორ თვეში. ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ფარსია, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი შეხვედრის ადგილად" , - წერს მიხეილ სააკაშვილი 

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მისი გათავისუფლების კამპანიაზე უმჯობესი იქნება იმუშაოს საინიციატივო ჯგუფმა. გორის ჰოსპიტლიდან გავრცელებულ გზავნილში სააკაშვილი განმარტავს, რომ ჯგუფი გაითვალისწინებს ოპოზიციის გენერალურ პოლიტიკური ხაზს და, ამავე დროს, კოორდინაციას გაუწევს მიმდინარე კამპანიას.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მათი მოთხოვნაა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას მისცემს, 29 ნოემბერს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება მისცენ. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერსაა დანიშნული. 

ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, ყოფილ პრეზიდენტს საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლებას არ აძლევდნენ. 

პენიტენციური სამსახური სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანაზე უარს ამბობდა, მიზეზად კი "დესტქურციას" ასახელებდა და აღნიშნავდა, რომ შესაძლოა, მათ სააკაშვილის გადაყვანის პროცესში ხელი შეშლოდათ.

სააკაშვილმა შიმშილობა 19 ნოემბერს შეწყვიტა, 22 ნოემბერს კი, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ თქვა, რომ შიმშილობის შეწყვეტა არის ​იმის საფუძველი, რომ ყოფილი პრეზიდენტი შემდეგ პროცესზე სასამართლო დარბაზში გადაიყვანონ. მინისტრის თქმით, ისინი ამ საკითხზე ექიმების დასკვნას დაელოდებიან.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე საქმეა აღძრული, ზოგ მათგანზე განაჩენი გამოტანილია, ზოგიერთზე - ჯერ არა. 

სანდრო გირგვლიანის საქმე - პროკურატურის მტკიცებით, ექსპრეზიდენტმა სამსახურებრივი უფლებამოსილებას გადაამეტა, როცა გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდადებული პირების შეიწყალა. ამ საქმეზე 2018 წლის 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს აეკრძალა საჯარო სამსახურში მუშაობა 1 წლისა და 6 თვის ვადით. 

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში.

სააკაშვილი ფიგურირებს 7 ნოემბრის და იმედში შეჭრის საქმეში. მას ბრალი 2014 წლის ივლისში წარუდგინეს, აგვისტოში კი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. 10 ნოემბერს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 7 ნოემბერის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე (ე.წ. პიჯაკების საქმე) - პროკურატურის ვერსიით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა. სასამართლოში მისი განხილვა დასრულებული ჯერ არ არის.

სააკაშვილს ასევე ბრალი წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო კვეთისთვის.


close დახურვა