logo
ENG



სააკაშვილი: ჩამოსაყალიბებელია ერთობლივი პროევროპული ძალების საკოორდინაციო ფრონტი

06 თებ 202416:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/06/gufs875vx0ixx6r.jpg

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოქმედი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლას ეხმაურება და წერს, რომ ეთანხმება იმ ნაწილში, რომ ახლა "ხელოვნური ფორმალური გაერთიანებების დრო არ არის".

ამასთან, სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჩამოსაყალიბებელია ერთობლივი პროევროპული ძალების საკოორდინაციო ფრონტი არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ. ის ყველა დასავლურ ძალას სთავაზობს, ჩამოყალიბდნენ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატზე.

"პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით: ვეთანხმები, რომ არ არის ხელოვნური ფორმალური გაერთიანებების დრო, ამავე დროს, ჩამოსაყალიბებელია ერთობლივი პროევროპული ძალების საკოორდინაციო ფრონტი, თუნდაც არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ.

როგორც პირველ ნაბიჯს, მე ყველა დასავლურ ძალას ვთავაზობ, ჩამოვყალიბდეთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატზე. მე დაახლოებით ვხვდები, თუ ვინ იკვეთება ასეთ კანდიდატად, მაგრამ ასევე სხვების აზრის გაგება მაინტერესებს.

ამავე დროს, სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა ის, რასაც მე სულ ვამბობ: ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა შეწყვიტონ ერთმანეთის ლანძღვა და სამიზნე გაასწორონ ოლიგარქზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხაზგასმით უარს ამბობს სხვა ოპოზიციური ჯგუფების კრიტიკაზე და პრაქტიკულად ყოველთვის უპასუხოდ ტოვებს მათ თავდასხმებს.

პრეზიდენტის დღევანდელმა გამოსვლამაც და საერთოდ იმ პოლიტიკურმა ატმოსფერომ, რომელიც შექმნილია ნათლად დაადასტურა, რომ ოლიგარქის მმართველობას წყალი აქვს შეყენებული და ამ ისტორიულ არჩევნებზე ჩვენ მას მიტაცებული საქართველო კლანჭებიდან აუცილებლად უნდა გავაგდებინოთ და ქართველი ხალხი სიღატაკისგან, უპერსპექტივობისგან და საბოლოო განადგურებისგან დავიხსნათ", - წერს სააკაშვილი.

დღეს სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენება წარადგინა. პრეზიდენტის რანგში ეს მისი ბოლო მოხსენება იყო. 


close დახურვა