logo
ENG



სააკაშვილი გორდონის გაბრუნებაზე: ეს საერთაშორისო სკანდალი და საქართველოსთვის შავი ლაქაა

28 ოქტ 202111:56
3 წუთის საკითხავი
 
სააკაშვილი გორდონის გაბრუნებაზე: ეს საერთაშორისო სკანდალი და საქართველოსთვის შავი ლაქაა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე უკრაინელი ჟურნალისტის დიმიტრი გორდონის საქართველოში არ შემოშვებაზე წერს, რომ ეს ქვეყნისთვის შავი ლაქა და საერთაშორისო სკანდალია.

"დიმიტრი გორდონი ყველაზე ცნობილი და ტიტულიანი ჟურნალისტია მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რუსულ და უკრაინულენოვან სამყაროში. ის საქართველოს დიდი მხარდამჭერი და მეგობარია. მისი მეუღლე ალესია ასევე ძალიან ცნობილი ჟურნალისტი და ჩვენი გულშემატკივარია. გორდონის პირადი მტრებია პუტინი და ლუკაშენკო. დღეს კი, მათმა რამდენიმე ასეულმა მილიონმა თაყვანისმცემელმა, სამწუხაროდ, იხილა, რომ საქართველო, ოდესღაც - დემოკრატიის შუქურა რუსეთზე უარესი ხდება. მომხდარი დიდი საერთაშორისო სკანდალი და საქართველოსთვის შავი ლაქაა.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ, რომ ცდილობდნენ საქართველოში შემოსვლას და მათდამი მოპყრობისთვის, ყველა ნორმალური ქართველის სახელით, ბოდიში მოვუხადო" , - წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქზე.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მე-2 დღეა არ აქვს პასუხი, რატომ არ შემოუშვეს საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი. გორდონი საზღვრიდან გუშინ, 27 ოქტომბერს გააბრუნეს.

როგორც გორდონი ამბობს, მას საზღვარზე უთხრეს, რომ საქართველოში შემოსვლა აკრძალული აქვს. მისივე თქმით, ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელს მარია ბარაბაშსაც. გორდონს სააკაშვილთან შეხვედრა სურდა.

მანამდე ქვეყანაში არ შემოუშვეს სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენ გრუშოვეცი. შსს-ს არც ამაზე აქვს პასუხი.

გუშინვე უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ თქვა, რომ საქართველოს საზღვარზე შეაყოვნეს და ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე ზარის შემდეგ შემოუშვეს. შსს-ს არც ეს განუმარტავს.

მიხეილ სააკაშვილი 28-ე დღეა რუსთავის ციხეში შიმშილობს.


close დახურვა