logo
ENG



სააკაშვილი ომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელს მასთან კონსილიუმის გაგზავნას სთხოვს

10 თებ 202315:20
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს თამარ გვარამაძეს სთხოვს, მასთან, კლინიკა ვივა მედში სამედიცინო კონსილიუმი გაგზავნონ. 

სააკაშვილის თქმით, მისი მდგომარეობა გაუარესდა და მისი ჯანმრთელობის შესაფასებლად დამოუკიდებელი ექსპერტების გაგზავნა მხოლოდ ომბუდსმენის აპარატს შეუძლია. 

ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა

“საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელს ქალბატონ თამარ გვარამაძეს

მეც და ჩემმა წარმომადგენლებმაც არაერთხელ მოგმართეთ წინა დღეებში თხოვნით, გამოაგზავნოთ თქვენი სამედიცინო კონსილიუმი. ჩემი მდგომარეობა ბოლო დღეებში გაუარესდა და თქვენ გარდა არავის აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებელი ექსპერტების გამოგზავნის.

იმედია, ამას განახორციელებთ უახლოეს დღეებში და ვერანაირი პოლიტიკური ზეწოლა ამაში ხელს ვერ შეგიშლით.” - წერია განცხადებაში.

6 თებერვალს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა. მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში რჩება.

მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს.

საქმეზე სასამართლო პროცესები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ყოველდღიურად გააპროტესტებენ. საპროტესტო ცენტრი იქნება თბილისში, თუმცა აქციები გაიმართება რეგიონებშიც.

 


close დახურვა