logo
ENG



სააკაშვილი პოლიტიკიდან წავიდეს, ივანიშვილი დაბრუნდეს - გირჩი და მოქალაქეები დეპოლარიზაციაზე

04 აგვ 202212:23
3 წუთის საკითხავი
 

პარტიები მოქალაქეები და გირჩი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც იმ ნაბიჯებზე საუბრობენ, რომლებიც მათი აზრით, ევროკავშირის რეკომენდაციებისა და პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებისთვის აუცილებელი ნაბიჯებია.

განცხადებას ხელს აწერენ: ლევან იოსელიანი, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალეკო ელისაშვილი, ჰერმან საბო და ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დეპუტატები პოლარიზაციის დასრულებისთვის 3 "ძირითად ნაბიჯს" ასახელებენ, საიდანაც ერთ-ერთი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლა და ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებაა.

"ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებისა და პოლარიზაციის დასრულების მიზნით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჩამოყალიბდეს პლურალისტური პოლიტიკური გარემო, სადაც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტა არა ერთპიროვნულად, არამედ მრავალფეროვანი პოლიტიკური აქტორების ჩართულობითა და დისკუსიის საფუძველზე მოხდება. პოლიტიკურ პარტიებს შორის ოპონირება კი, არგუმენტების ურთიერთგაცვლასა და ფაქტებზე იქნება დამყარებული.

მსგავსი პოლიტიკური ტრადიციის დამკვიდრება, საბოლოო ჯამში, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც ევროკავშირისკენ, ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში კონსოლიდირებული დემოკრატიის ჩამოყალიბებას.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად კი, აუცილებლად მიგვაჩნია სამი ძირითადი ნაბიჯის გადადგმა:

  • განსაკუთრებული მნიშვნელობა დეპოლარიზაციისა და პლურალისტური გარემოს ჩამოყალიბების კუთხით ენიჭება პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების, სულ მცირე, მეორე მოსმენით მიღებას. პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების სრულად პროპორციული წესით, 2%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარებას, რაც პირდაპირ არის გათვალისწინებული 19 აპრილის შეთანხმებითაც. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და საარჩევნო ბარიერის დაწევა, პირდაპირ ეხმიანება ევროკავშირის მოწოდებას დეპოლარიზაციისაკენ, რამდენადაც მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემა მაღალი ბარიერის პირობებში ვერ უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების სამართლიან წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში, აუცილებელია ორპარტიულობისა და პოლარიზაციის შემცირების მიზნით, ბარიერის დაწევა, რაც გააჯანსაღებს პოლიტიკურ ველს, საშუალებას მისცემს ახალ პოლიტიკურ პარტიებს წარმოდგენილნი იყვნენ საკანონმდებლო ორგანოში და გააჟღერონ საზოგადოების ყველა სოციალური ჯგუფის ხმა. 19 აპრილის შეთანხმება, ამბიციური საარჩევნო რეფორმის ფარგლებში, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის არათუ 2%-იანი, არამედ ბუნებრივიდან 2%-მდე ბარიერის დაწესებას ითვალისწინებს. პოლიტიკური პოლარიზაციის მაქსიმუმამდე შემცირების მიზნით, მიზანშეწონილია აღნიშნული დათქმის შესრულება, ბუნებრივიდან 2%-მდე ბარიერის დაწესება და შეთანხმებაში მოცემული პირობისათვის არაერთჯერადი ხასიათის მიცემა.
  • დეპოლარიზაციისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება ასევე, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ფაქტორის გასვლა ქართული პოლიტიკური სივრციდან. მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება შეამცირებს პოლარიზაციას, გააჯანსაღებს ქართულ პოლიტიკურ ველს, მმართველ პოლიტიკურ ძალას კი გამოაცლის „მტრის ხატს", რომელთან პოლემიკაც ორმხრივი სიძულვილის ენაზე აგებული. ამ დიქოტომიიდან თავის დაღწევის საშუალება, მხოლოდ ერთ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ გადაწყვეტილების მიღებაა, რაც თავად ნაციონალურ მოძრაობასაც მისცემს შესაძლებლობას ტრანსფორმირდეს თანამედროვე პოლიტიკურ ძალად. ამავე კონტექსტში ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მასთან დაკავშირებული რისკები, არ გახდეს ქვეყნისათვის ისტორიული სირცხვილის გამეორების წინაპირობა.
  • ბოლოდროინდელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაგვანახა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან შორს არ არის. პოლარიზაციის შემცირების კუთხით, რაც თავის თავში დეოლიგარქიზაციის ვალდებულების შესრულებასაც მოიცავს, აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ქართულ პოლიტიკაში. იმისთვის, რომ ქვეყანა სწორ კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდეს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პროცესებზე უნდა აიღოს იმან, ვინც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს ან ამ გადაწყვეტილების მიღების ყველანაირი რესურსი გააჩნია. საჭიროა ყველა ფორმალური პოლიტიკური აქტორი, განსაკუთრებით ისეთი გავლენიანი, როგორც ბიძინა ივანიშვილია დაბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და მან როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებმა სუბიექტმა, მის პოლიტიკურ გუნდთან ერთად, აიღოს პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში"- ნათქვამია განცხადებაში.

close დახურვა