საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის დამოუკიდებელ იურისტებს აგვისტოს ომის პერიოდის მოკვლევა დაავალა და მრავალთვიანი კვლევის შემდეგ, მათ ჰააგის სასამართლოში დამოუკიდებელი ანგარიში წარადგინეს.
"მე გადავწყვიტე გამეკეთებინა ის, რაც უნდა გაეკეთებინა ნორმალური ქვეყნის მთავრობას, დახმარებოდა საერთაშორისო საზოგადოებას სიმართლის დადგენაში. ამისათვის, მე ვთხოვე მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებს სისხლის საერთაშორისო სამართალში, ძალიან ცნობილ იურისტებს მთელ მსოფლიოში, რომ შეეფასებინათ 2008 წლის ამბები. შეეფასებინა სამართლებრივი ასპექტები იმისა, თუ რა ხდება. დღეს ამ ჯგუფმა შეიტანა სისხლის სამართლის სასამართლოში თავისი მრავალთვიანი გამოკვლევის შედეგად მომზადებული სარჩელი და დამოუკიდებელი დასკვნები", - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილმა ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოდან ტელეკომპანია "მთავართან" ჩართვისას 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს იხენებს.
"12 წლის წინ რუსეთის მრავალათასიანი არმია მთელი თავისი შემადგენლობით დაესხა თავს ჩვენს დამოუკიდებელ თავისუფალ ქვეყანას. იმის გამო, რომ საქართველოს მთელმა საზოგადოებამ, ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა გამოიჩინეს გმირული წინააღმდეგობა, ჩვენ მოვახერხეთ საქართველოს თავისუფლების გადარჩენა, ძალიან დიდი ფასის ხარჯზე, მაგრამ საქართველო გადარჩა, საქართველოს დემოკრატია გადარჩა და საქართველოს თავისუფლება გადარჩა", - ამბობს სააკაშვილი.
სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსეთმა სპეცოპერაციის გზით, 2012 წლის არჩევნებზე მიაღწია იმას, რასაც ვერ მიაღწია 2008 წლის ომის დროს.
"2012 წელში, როგორც ამას წინად დუგინმა თქვა, რუსეთმა, არჩევნების დროს სპეცოპერაციის მეშვეობით, იმავე მიზნებს მიაღწია, რასაც ვერ მიაღწია 2008-ში. 2008-ში საქართველო გადარჩა, 2012-ში რუსეთმა განახორციელა თავისი მიზნები და მას შემდეგ დაიწყო მთლიანად ისტორიის გადახედვა. მას შემდეგ რუსეთის ძალისხმევით მოხდა ბევრი ფაქტის დამახინჯება, ძალიან ბევრი დეზინფორმაციის გავრცელება და დღეს ჩვენ ვიმყოფებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან ჰააგაში, სადაც მიმდინარეობს ძიება 2008 წლის ომზე", - ამბობს სააკაშვილი.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ხელით გააკეთა ყველაფერი, რათა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ქართული მხარე გაემტყუნებინა.
"მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამ სასამართლოსთვის, საერთაშორისო გამოძიებისთვის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიეწოდებინა ისეთი ინფორმაცია, რომელიც გაამტყუნებდა რუსეთს კი არა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანას და საკუთარ თავისუფლებას იცავდნენ. პირადად ივანიშვილის დავალებით, სუს-ის მონაწილეობით, მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა ყველაფერი, რომ რუსეთის გეგმები აღსრულებულიყო და გამტყუნებულიყო, როგორც მინიმუმ, ორივე მხარე. ეს არის დიდი შეთქმულება სიმართლის დამალვის კუთხით",- ამბობს სააკაშვილი.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი. 150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია.