ქუთაისელი ექიმების ნაწილი საქართველოს მთავრობას მიმართავს მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ სავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით.
ქუთაისელი ექიმების თქმით, მათ მოთხოვნას სხვა ექიმებიც უნდა შეუერთდნენ, რაც მათი როგორც პროფესიული, ასევე მორალური ვალდებულებაა.
ექიმების თქმით, გლდანის მე-18 დაწესებულებაში სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა ვერ მოხერხდება, მისი მდგომარეობა კი მძიმდება.
"ყოველდღიურად ვუყურებთ როგორ მძიმდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც 47-ე დღეა შიმშილობს. გლდანის სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფუნდამენტურ და აბსოლუტურ უფლებას. ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოთ პოლიპროფილურ სტაციონარში, რათა მოხერხდეს მისთვის კვალიფიციური სამედიცინო სერვისის მიწოდება.
თავისუფლებააღკვეთილი პირების ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობა განსაზღვრულია როგორც საერთაშორისო სტანდარტებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით.
მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ექიმის, როგორც მორალური, ასევე პროფესიული ვალდებულებაა შეუერთდეს ჩვენს მოწოდებას", - ნათქვამია ექიმების მიმართვაში, რომელსაც ქუთაისიპოსტი ავრცელებს.
სააკაშვილი 46-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმის თქმით, სააკაშვილს სიარულიც აღარ შეუძლია. ის შიმშილობას შეწყვეტს, თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, თუმცა, ხელისუფლება ამაზე უარს აცხადებს.
მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს ელენე ხოშტარია, 13 ნოემბერს დაიწყო შიმშილობა გირჩი-მეტი თავისუფლებას ქუთაისის ოფისის წევრმა, იმედა კლდიაშვილმა, დღეს კი კიდევ 10-მა ოპოზიციონერმა. შიმშილობას იწყებს პაატა ბურჭულაძეც.
