საქართველოს გენერალური პროკურატურა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ გაავრცელა ის საქმეები, რომლებშიც ის მსჯავრდებულია.
გარდა ამისა, პროკურატურაში აცხადებენ, რომ სააკაშვილი საზღვრის უკანონო ქვეყნის ბრალდებით დააკავეს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით. საქმეზე აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო და საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები", - ამბობენ უწყებაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს. მოგვიანებით ის რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, რის ამსახველი ვიდეო მასალაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. სააკაშვილის დაკავება საზოგადოებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აცნობა. დაკავებიდან ცოტა ხანში სააკაშვილის ახალი მიმართვაც გავრცელდა, სადაც ის მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ და გარეთ გამოსვლისკენ მოუწოდებს.
აღსანიშნავია, რომ მთელი დღის განმავლობაში მმართველი გუნდი სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლას უარყოფდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულ მხარესთან არიან კომუნიკაციაზე და მესამე პრეზიდენტს საზღვარი არ გადაუკვეთავს.
თავად მესამე პრეზიდენტმა დღეს დილით გაავრცელა ვიდეო მიმართვა და თქვა, რომ ის საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.