logo
ENG



სააკაშვილმა დისტანციურად ჩართვაზე უარი თქვა, სასამართლოში კი დღესაც არ გადაიყვანეს

16 ნოე 202114:44
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილი თავის პროცესზე დღესაც არ გადაიყვანეს. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონოდ დარღვევის დარღვევის საქმე განიხილებოდა. 

მოსამართლე დავით კურტანიძის განცხადებით, პენიტენციურმა სამსახურმა თანხმობა თქვა მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვაზე, თუმცა, მისივე თქმით, ექსპრეზიდენტმა ამაზე უარი თქვა. 

ადვოკატებმა მოსამართლე და პროკურორები პოლიტიკური საქმის წარმოებაში დაადანაშაულეს და მათი აცილება მოითხოვეს, თუმცა, ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. 

ერთ-ერთი ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, დღევანდელ პროცესზე სასამართლო და პროკურატურა იმაზე ლაპარაკობდა, თუ რატომ არ უნდა მიეყვანათ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე. 

საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით სააკაშვილთან ერთად, იმავე მუხლით ბრალდებულია ელგუჯა ცომაია. 

ასევე, სააკაშვილის დახმარებისთვის ბრალდებულები არიან გიორგი ნარიმანიძე და მამა-შვილი წოწორიები

მათი საქმეები ერთმანეთისგან გამოყვეს. დიმიტრი საძაგლიშვილის მტკიცებით, ესეც იმიტომ გაკეთდა, რომ ექსპრეზიდენტი სასამართლო დარბაზში არ მიიყვანონ. 

საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე შემდგომი სასამართლო სხდომა 9 დეკემბერს დაინიშნა. 

მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს თქვა, რომ საქართველოში ჩამოვიდა. ის იმავე საღამოს დააკავეს, თუმცა, ბრალი 20 დღის შემდეგ წარუდგინეს. 

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, საზღვრის კვეთის გარდა, კიდევ 2 საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვა - 7 ნოემბრის და ე.წ პიჯაკების საქმეზე. ექსპრეზიდენტი არც ერთ პროცესს არ დაასწრეს. პენიტენციურმა სამსახურმა მიზეზად მისი მხარდამჭერების მხრიდან "შესაძლო დესტრუქცია" დაასახელა, რომელიც სახელმწიფოს დამხობას ისახავს მიზნად.


close დახურვა