logo
ENG



სააპელაციო გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილების თარიღს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს

24 ოქტ 202218:57
3 წუთის საკითხავი
 
სააპელაციო გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილების თარიღს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს

სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა დასრულდა - მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავიდა.

კოლეგიის თავმჯდომარის მერაბ ჯორბენაძის განცხადებით, მხარეებს გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღს უახლოეს დღეებში აცნობებენ.

დღევანდელ სხდომაზე ნიკა გვარამიამ საბოლოო სიტყვით ისარგებლა.

საქმის განხილვა სააპელაციომ სექტემბერში დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 16 მაისს სცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. დაცვის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო. სასამართლომ დამნაშავედ ცნო გვარამია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, კერძოდ პორშეს ეპიზოდში და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე კი სასამართლომ მუხლი გადააკვალიფიცირა. გაფლანგვის ნაცვლად გვარამია და დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ. დამენიას 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

ზურაბ იაშვილი და ნიკა გვარამია კომერციულ მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს. ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში. სამოქალაქო სექტორმა ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართა.


close დახურვა