logo
ENG



საარჩევნო კამპანია აქვთ დაწყებული - კობახიძე TI-ს ფეიკ ნიუსების გავრცელებაში ადანაშაულებს

03 ივლ 202017:42
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) კვლევას აფასებენ, რომლის თანახმადაც, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულ კომპანიებს 2018 წლიდან დღემდე ტენდერებში გამარჯვების შედეგად 6,264,688 ლარი აქვთ მიღებული.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TI-ს ფეიკ ნიუსების გავრცელებაში ადანაშაულებს. ის მიიჩნევს, რომ ორგანიზაციას „საარჩევნო კამპანია აქვს დაწყებული“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობას დაწყებული აქვს საარჩევნო კამპანია. ამის ნიშნები პირდაპირ იკვეთება და ინტენსიურია ეს კამპანია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. კონკრეტულ ინფორმაციაზე მე არ ვიცი დეტალები, თუმცა ვხედავთ, რომ არის ინტენსიური ფეიკ კამპანია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ეს კამპანია არის გაშლილი და სხვადასხვა სუბიექტია ამ ყველაფერში ჩართული. ოპოზიციური სუბიექტები, მათი მედია და მათთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციები. ჩვენ ძალიან ხშირად ვავლენთ ხოლმე მათი მხრიდან გავრცელებულ ფეიკ ნიუსს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სავარაუდო კორუფციის შესახებ კვლევა პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეც გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ თუ ვინმეს კორუფციის კონკრეტულ ფაქტებზე აქვს ინფორმაცია, შეუძლია საგამოძიებო ორგანოებს მიმართოს.

„კორუფციას და კორუმპირებულ ადამიანებს არ შეიძლება ჰქონდეთ რომელიმე პარტიის მხარდაჭერა, მათ შორის არც მმართველი პარტიის და მგონი ვნახეთ, რომ არაერთი საჯარო მოხელე სამწუხაროდ იქნა პასუხისგებაში მიცემული. ამიტომ თუ თქვენ გაქვთ კითხვები კონკრეტულ ტენდერებთან მიმართებაში, ეს კითხვები შეგიძლია დასვათ, მიიღოთ პასუხები. თუ თქვენ გაქვთ ფაქტები ასეთი, მაშინ შეგიძლიათ წარადგინოთ შესაბამის უწყებაში“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო კვლევას აქვეყნებს- სადაც ნათქვამია რომ  დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძის და მისი შვილის, ოთარ ჯაფარიძის, წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები ტენდერებს იგებენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წლიდან დღემდე მიღებული კონტრაქტების ჯამურმა ღირებულებამ  6,264,688 ლარი შეადგინა. 

ვიქტორ ჯაფარიძე 16 წელია საქართველოს პარლამენტის წევრია. ის ორჯერ იყო მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი, ბოლოს  კი პარლამენტის წევრი ქართული ოცნების პარტიული სიით გახდა.


close დახურვა