ქართული ოცნების თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, 50-მდე ადგილობრივ მეწარმეს ერთ-ერთ რესტორანში უმასპინძლა.
ანალოგიური სუფრა გაიშალა სოფელ კაბალშიც, საჯარო მოხელეებისა და პედაგოგებისთვის. თავად ქადაგიშვილი ამტკიცებს, რომ სუფრაზე ის არა მასპინძელი, არამედ სტუმარი იყო.
"შეხვედრის შემდეგ სექტორს თვითონ აქვს სურვილი, რომ მცირედი მიღება გამართონ და რა თქმა უნდა, ჩვენ თანახმა ვართ ამ მიღებაში მივიღოთ მონაწილეობა. სუფრას რა ვიცი რას ეძახით, როდესაც ჩაის მოგართმევენ, წყალს მოგართმევენ და კანფეტს მოგართმევენ, თუ გინდათ სუფრა დაარქვით და თუ გინდათ ბანკეტი", - ამბობს ქადაგიშვილი.
ქადაგიშვილის თქმით, მსგავსი შეხვედრები ბიზნესმენებთან და ფერმერებთან ყოველდღიურად აქვს. ასევე იმართება, ინტერესთა ჯგუფის მიხედვით, თემატური შეხვედრები.
"საღამოთი გვქონდა შეხვედრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ბიზნესმენებთან, მეწარმეებთან და ფერმერებთან. ეს კამპანია ყოველდღიურად გვაქვს და ამ ოთხი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ვხვდებით სოფლის მოსახლეობას, ქალაქებში მოსახლეობას და რა თქმა უნდა, თემატური შეხვედრები ინტერესთა ჯგუფის მიხედვით". - ამბობს გიორგი ქადაგიშვილი.