ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთის კურორტებზე, არსებული საბაგიროები მუშაობას წყვეტენ.
მინისტრის თქმით, მას შემდეგ რაც მთავრობამ მთის კურორტების დროზე ადრე დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო, კვების ობიექტებსაც შესაბამისი რეკომენდაციები მიეცა, მათ შორის მიტანის სერვისზე გადასვლა.
როგორც თურნავამ აღნიშნა, მას დღეს საღამოს, საქართველოში მიტანის სერვისის კომპანიებთან სამუშაო შეხვედრა ექნება. გარდა ამისა, მინისტრმა იმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომ ყველა დაწესებულება დეზინფექციის პროცესებს აგრძელებს. თურნავამ საჰაერო მიმოსვლაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სულ უფრო მეტი ავიაკომპანია აუქმებს საჰაერო მიმოსვლას.
"საბაგიროების მუშაობა შეწყდება, ყველა ტექნიკის კონსერვაცია მოხდება, შესაბამისად კურორტები მუშაობენ წყვეტენ. რაც შეეხება კვების ობიექტებს, მათ მიეცათ რეკომენდაცია, რომ შეწყვიტონ მომხმარებლების მომსახურება მათ სივრცეებში და მაქსიმალურად გადავიდნენ მიტანის სერვისებზე. დღეს შეხვედრა მაქვს საქართველოში მიტანის სერვისის კომპანიებთან. ვიმსჯელებთ იმაზე, როგორ გავაძლიეროთ მათი შესაძლებლობები და დავეხმარებით კვების ობიექტებს ამ სერვისის მიღებაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რათა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ვირუსისგან. დეზინფექციასთან დაკავშირებით ყველა ობიექტს მიეცა გარკვეული ინსტრუქცია. შესაბამისი სტრუქტურები ამონიტორინგებენ სიტუაციას. სულ უფრო მეტი ავიაკომპანია წყვეტს ფრენებს და ველოდებით, რომ ამ ნუსხას კიდევ დაემატება ავიაკომპანიები", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.