logo
ENG



საბავშვო ბაღთან უცხოეთის მოქალაქის დაჭრის საქმეზე ერთ ადამიანს ბრალდება წარედგინა

16 ნოე 202315:42
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/16/n7g5wr15s4cpnea.jpg
ფოტო: პროკურატურა

საბავშვო ბაღთან უცხოეთის მოქალაქის დაჭრის საქმეზე ერთ ადამიანს ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თბილიში, 14 ნოემბერს, დაახლოებით 08:50 საათზე, მას შემდეგ, რაც ყაზახეთის მოქალაქემ ს.მ.-მ შვილი საბავშვო ბაღში დატოვა, ნინო ჟვანიას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მასსა და ბრალდებულ გ.ე.-ს შორის კონფლიქტი მოხდა.

"კერძოდ, ყაზახეთის მოქალაქემ ბრალდებულს ძაღლის ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე სეირნობასთან დაკავშირებით შენიშვნა მისცა, რაც კონფლიქტში გადაიზარდა. წარმოშობილი კონფლიქტის დროს, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა გ.ე.-მ, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან ს.მ.-ს მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც დაზარალებულს ორივე ფეხის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ამავდროულად, გ.ე.-მ დაზარალებულის მიმართულებით განხორციელებული ერთ-ერთი გასროლის შედეგად, გაუფრთხილებლობით თავად მიიყენა მუხლის არეში გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა.

პოლიციელებმა გ.ე. შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მეუღლის დედის სახლიდან. გ.ე.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „რ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა", - წერია განცხადებაში.

 


close დახურვა