საბერძნეთში 60 წლის ზემოთ ადამიანებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. როგორც პრემიერმინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ იანვრიდან ვინც აცრის წინააღმდეგი იქნება 100 ევროს ოდენობის ყოველთვიური ჯარიმა დაეკისრება.
საბერძნეთში 11-მილიონიანი მოსახლეობის 63 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია, თუმცა 60 წლის ზემოთ 520 ათასზე მეტ ადამიანს აცრა ჯერ კიდევ არ გაუკეთებია.
"60 წლის ზემოთ ბერძნები პირველ დოზაზე 16 იანვრამდე უნდა დარეგისტრირდნენ. მათი ვაქცინაცია სავალდებულო გახდება", - განაცხადა პრემიერმა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ პარლამენტმა უნდა დაუჭიროს მხარი, თუმცა მოსალოდნელია, რომ დეპუტატები მას მხარს დაუჭერენ. ოპოზიციაში ახალ ზომებს სადამსჯელო უწოდეს.
საბერძნეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელიც კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფისთვის სავალდებულო ვაქცინაციის დაწესებას აპირებს. თებერვლიდან ყველა მოქალაქისთვის სავალდებულო იქნება აცრა ავსტრიაში.