logo
ENG



საბორტო ჟურნალში აფხაზეთის ცალკე სახელმწიფოდ მოხსენიების გამო Wizz Air-მა ბოდიში მოიხადა

14 აპრ 202323:51
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, Wizz Air-მა საბორტო ჟურნალში აფხაზეთის ცალკე სახელმწიფოდ მოხსენიების გამო ბოდიში მოიხადა და ონლაინ ჟურნალში შეცდომა გაასწორა.

აეროპორტების გაერთიანება გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ავიაკომპანია Wizz Air-ის საბორტო ჟურნალში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ იყო ნახსენები.

მათი თქმით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, საგარეო საქმეთა სამინისტროს და უნგრეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით, ავიაკომპანია Wizz Air-მა აღნიშნული უხეში შეცდომა ონლაინ ვერსიაში უკვე გაასწორა და ავიაკომპანიამ ბოდიში მოიხადა. 

გაერთიანების თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ბეჭდურ ვერსიაში ამ შეცდომის ჩასწორებასთან დაკავშირებით.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მომხდარზე Wizz Air-ის განცხადებას ავრცელებს. 

Wizz Air-ის თქმით, ავიაკომპანიას ჟურნალის შინაარსობრივ ნაწილთან შეხება არ აქვს და მასზე დამოუკიდებელი ჯგუფი მუშაობს.

ავიაკომპანია მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერებად რჩებიან.

"გვინდა ბოდიში მოვიხადოთ საბორტო ჟურნალში გაპარული სამწუხარო შეცდომის გამო და გითხრათ, რომ ჟურნალის ონლაინ ვერსიაში შეცდომა უკვე გასწორებულია, ხოლო ბეჭდური ვერსია მთლიანად ჩანაცვლდება ტექსტისა და რუკის შესწორებული ვარიანტით რაც შედარებით მეტ დროს მოითხოვს.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ს არ აქვს შეხება ჟურნალის შინაარსობრივ ნაწილთან, მასზე მუშაობს დამოუკიდებელი სარედაქციო და საგამომცემლო ჯგუფი, თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას მომხდარის გამო და აღვნიშნავთ, რომ მუდამ ვრჩებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერებად" - ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

close დახურვა