"ნანული ჩაჩუა - ფლობს სასოფლო სამეურნეო მიწას. მის შვილს, თეონა ჩაჩუას 2020 წლის ოქტომბერში 30 ლარი აქვს მიღებული ქართული ოცნებიდან. ნანული ჩაჩუას ქმრის, გარდაცვლილი ჯემალ ჩაჩუას ბიზნესპარტნიორი გიორგი ჭიკაიძე მუშაობს საქართველოს დაზვერვის სამსახურში. ჯემალ ჩაჩუას ბიზნესპარტნიორია ქართული ოცნების თბილისის საკრებულოს წევრი - შალვა ოგბაიძე"
ნანული ჩაჩუა შაბათის ფორმულას ინტერესის საგანი იმიტომ გახდა, რომ მის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მასალებში იძებნება. თვითონ ამის შესახებ არაფერი იცის, ვერც იმას ხვდება, რატომ შეიძლება აინტერესებდეს ის და მისი ოჯახის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. თუმცა, მასალებიდან, რომელიც წყარომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ფორმულას მიაწოდა, ირკვევა, რომ ლილუაშვილის უწყება კონკრეტულ ადამიანებს, კონკრეტული მიზნისთვის სწავლობს.
მასალებში ინახება ინფორმაცია ყველა იმ ფიზიკური პირის შესახებ, ვისაც საგადასახადო დავალიანება აქვს ან ოდესმე ჰქონია. წყარო გვიყვება, რომ ამ ადამიანებს სოლიდური თანხები, წინასაარჩევნოდ ჩამოაწერეს.
ფიზიკური პირების გარდა, სუს-ის ფაილებში კომპანიებიც მოხვდნენ. მასალა იმდენად მოცულობითია, რომ ყველას გადასამოწმებლად თვეებია საჭირო. ამიტომაც, შაბათის ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა მხოლოდ რამდენიმე კომპანიას მიაკითხა. გადამღებმა ჯგუფმა მიაგნო ისეთებსაც, რომლებიც ფარულ კონტროლში პრობლემას ვერ ხედავენ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ენდობიან, თუმცა, როგორც ჩანს, სუსი არ ენდობა მათ, რადგან ფარულად და უკანონოდ მაინც უსმენს.
სუს-ის მასალების მიხედვით, შევარდნაძის მთავრობის პოლიციის უფროსის სოსო ალავიძის კომპანიის ინტერსექიურითი ჯორჯიას საგადასახადო დავალიანება 400 000 ლარამდეა. თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი ირწმუნება, რომ ეს ხარჯები კრედიტის საშუალებით თვითონვე დაფარა. შევარდნაძის მთავრობის ოდიოზური ფიგურა, რომელიც ახლა სუს-ის კონტროლის ქვეშაა აყვანილი, ე.წ. ჰუმანური ნაბიჯების მიღმა ქვეტექსტებს ან არ ან ვერ ხედავს. აშკარაა ისიც, რომ წინასაარჩევნოდ ადამიანების მოსყიდვისა თუ დაშინებისთვის, ლილუაშვილის უწყების უკანონო მანიპულაციებში ყველა, მათთვის საჭირო სახელმწიფო ორგანოა ჩართული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავად არჩევს და შემდეგ თავადვე აკონტროლებს იმ პირებს, რომლებსაც შემდეგ არჩევნებზე ასაქმებს. შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებულ მასალებში შეხვდებით ასეულობით ადამიანსა და მათ პირად ინფორმაციას, რომელსაც სუსი შემდეგ საჭიროებისამებრ იყენებს.
ადამიანები კონკრეტული სახელებით და გვარებით სუს-ის ობიექტივში ყოველდღიურად ხვდებიან. მათ უყურებენ, აკონტროლებენ, უღებენ, სწავლობენ - და ასე დაუსრულებლად, არჩევნებიდან არჩევნებამდე - იმ მიზნით, რომ შემდეგ მოისყიდონ, დააშანტაჟონ და დააშინონ.