სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის კოკა კაციტაძის განცხადებით, ზუგდიდში მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
კერძოდ, დაკავებულია ალტ-ინფოს პრორუსული პარტიის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი და მისი თანამზრახველი.
შემთხვევა 17 მარტს მოხდა. მთავარი არხის ჟურნალისტმა, ემა გოგოხიამ განაცხადა, რომ ზუგდიდში მას და მის ოპერატორს ალტ-ინფოს 15-მდე წევრი ფიზიკურად გაუსწორდა.
ჟურნალისტი ყვება, რომ გადაიღეს, როგორ ასუფთავებდნენ ზუგდიდის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები უკრაინის დროშის ფერებში შეღებილ ალტ-ინფოს ოფისის შესასვლელს, რა დროსაც მათთან მივიდა კასტეტებით შეიარაღებული 15-მდე პირი, სცემეს ოპერატორს და დააზიანეს კამერა.
"მათი სამიზნე იყო კამერა. ისინი ერთმანეთს მიუთითებდნენ, რომ დაემტვრიათ აპარატურა და გაეტაცებინათ კამერა", - ამბობს ჟურნალისტი.