logo
ENG



საგამოძიებო: მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ვამხილეთ

26 აპრ 202412:09
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/26/ajlrbxb7pr00jwt.jpeg

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მოქალაქის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფროსი ინსპექტორი ამხილეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 2024 წლის 7 თებერვალს, ბრალდებული .., თავისი ცოლის სამსახურებრივი საკითხის მოსაგვარებლად, იმ კერძო კომპანიის მენეჯერს შეხვდა, სადაც მისი ცოლი იყო დასაქმებული.

გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა დაზარალებული მანქანაში ჩაისვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გააფრთხილა, რომ მისი ცოლისგან სამსახურებრივი გაფრთხილების დოკუმენტზე ხელისმოწერა აღარ მოეთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბათუმში საცხოვრებლად არ გააჩერებდა და პრობლემებს შეუქმნიდა.

გარდა ამისა, ბრალდებულმა დაზარალებულს მანქანიდან გადასვლის საშუალება არ მისცა და ძალის გამოყენებით მანქანაში დაბრუნება მოსთხოვა.

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად დაიწყო და პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოიპოვა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. კერძოდ, გამოკითხული იქნა დაზარალებული და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები, სასამართლო განჩინების საფუძველზე მოპოვებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო პერიოდის კერძო ობიექტების სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები და განხორციელდა მათი დათვალიერება. ასევე ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები.

სამართალდამცავს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) წარედგინა.

დანაშაული 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა