სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და სხვისი ნივთის დაზიანების საქმეზე ბრალდება დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს წარუდგინეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 15 თებერვალს, გარდაბნის რაიონში, ბრალდებულმა სამართალდამცავმა სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, დაზარალებულის საკუთრებაში არსებული ავტომობილი რკინის საგნით დააზიანა, ამის შემდეგ კი - იგივე საგნით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მყისიერად ჩაატარა. გამოიკითხნენ ფაქტის შემსწრე პირები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და დაზიანებული ავტომობილი, ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთიერი მტკიცებულება", - ნათქვამია განცხადებაში.
მას ბრალდება სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.